U21: საქართველო გორში ისრაელთან დამარცხდა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა გორში ისრაელს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
რამაზ სვანაძის გუნდს პირველ ტაიმში დაწინაურების კარგი შანსი მიეცა. გიორგი გულიაშვილმა პენალტი არაზუსტად შეასრულა და ბურთი ძელს მოხვდა.
პირველ ნახევარში ქართველ ფეხბურთელებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა ანგარიშში ასახვა ვერ შეძლეს.
მეორე ტაიმში მეტოქემ უკეთ ითამაშა და მატჩის სცენარსაც ისინი აკონტროლებდნენ. 49-ე წუთზე სტანდარტულიდან გატანილი გოლის შემდეგ, ისრაელი გაცილებით თავდაჯერებულად ათამაშდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.
მეტოქემ მეორე გოლი 56-ე წუთზე გაიტანა და სოლიდური უპირატესობა მიიღო.
82-ე წუთზე საქართველოს ნაკრები სიგუას გაძევების შემდეგ, მოედანზე კაცნაკლული დარჩა.
ქართველმა ფეხბურთელებმა ერთი ბურთის გაქვითვა 84-ე წუთზე შეძლეს. სტუმართა მეკარე კონტრშეტევისას კარიდან გამოვიდა და ბურთი თავზე გადაახტა, ნიკა ხორხელმა კი ცარიელ კარში შეაგორა.
შეხვედრას 6 წუთი დაემატა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში გაიმართება და მას საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. ტურნირზე ისრაელის ნაკრებიც ითამაშებს.