გიუნდოგანი ან ტილემანსი - ბარსას სამომავლო გეგმები
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ბარსელონამ“ რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა, გაძლიერება მაინც სჭირდება. ავტორიტეტული გამოცემა GOAL ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
იქიდან გამომდინარე, რომ „ბარსელონას“ ფინანსური პრობლემები ბოლომდე მოგვარებული არ არის, „ბლაუგრანა“ თავისუფალი აგენტებით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, ჩავი ერნანდესის პრიორიტეტი ილქაი გიუნდოგანი იქნება. თურქული ფესვების მქონე გერმანელს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება და ესპანელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ მის დაყოლიებას შეძლებს და ილქაის ბარსას რიგებში იხილავს.
ამავე წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ თუ გიუნდოგანის ტრანსფერი არ განხორციელდება, ბარსა იური ტილემანსზე გადაერთვება. „ლესტერის“ ფეხბურთელის საკუთარ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება და კატალონიური გრანდის პრიორიტეტი სწორედ ამიტომ გახდა.
GOAL-ის ინფორმაციით, ტილემანსის გადაბირებით ლონდონის „არსენალი“ ინტერესდება და მეტიც, „მეთოფეები“ ფეხბურთელს დაუკავშირდნენ და გარკვეული დეტალებიც შეათანხმეს, თუმცა, როგორც ირკვევა ბარსა მას უკეთეს პირობებს შესთავაზებს.