„კატარში საბრძოლველად მივდივართ, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ“ - მესის ინტერვიუ მუნდიალამდე
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 1 კვირით ადრე, არგენტინის ნაკრების კაპიტანი, ლეო მესი Movistar Plus-ის ეთერში, გადაცემა Universo Valdano-ში იყო მიწვეული, სადაც თავისი კარიერის არაერთ მნიშვნელოვან ეტაპსა და მოახლოებულ მუნდიალზე ისაუბრა.
35 წლის ფეხბურთელის ინტერვიუდან რამდენიმე საინტერესო ამონარიდს შემოგთავაზებთ.
ბავშვობაზე:
სკოლაში ვზარმაცობდი, ყოველთვის მიჭირდა. მაგრამ მაინც კარგად ვიქცეოდი. ვიცოდი, რომ ფეხბურთის გარეშე დამსჯიდნენ და ეს მაიძულებდა კარგად მესწავლა. 7 ან 8 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მივედი „ნიუელსის“ თამაშის სანახავად სტადიონზე. 8 წლის ასაკიდან დავიწყე ამ გუნდში თამაში და უკვე 12 წლის რომ ვიყავი, 11x11-ზე ვთამაშობდი. მკურნალობა 11 წლის ასაკში, არგენტინაში დავიწყე. ძალიან ძვირი ჯდებოდა, რის გამოც მამაჩემი თითქმის 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა, ძალიან რთული იყო. შემდეგ, „რივერ პლეიტში“ ტესტი გავიკეთე და მითხრეს, რომ „ნიუელსიდან“ უნდა ამეღო საშვი. ეს არც მიცდია, რადგან ვიცოდი, რომ შეუძლებელი იყო.
სინჯები „ბარსელონაში“:
ბარსელონაში 15 დღე ვიყავი. ბოლო დღეს უმაღლესი კლასის გუნდთან ვითამაშეთ. ჩემთვის „ბარსაში“ ყოფნა საკმაოდ ეფექტური იყო. მათ მომცეს ტანსაცმელი, ბუცები, იყო სინთეთიკური მოედანი. მომცეს ბურთი და რასაც მინდა ვაკეთებდი. მსგავსი არაფერი მქონდა ნანახი. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თავიდან რთულიც იყო, მაგრამ როგორც კი მოედანზე გავედი, ყველაფერი დამავიწყდა. ამის შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად აეწყო. 14 წლის ვიყავი, როდესაც მეორე გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, ზუსტად 2 წელში კი პირველ გუნდთან ერთად წინასასეზონო შეკრებაზე ჩინეთში, ან იაპონიაში წავედი. ზოგადად, ძალიან ორგანიზებული და მოწესრიგებული ვარ, ეს კი მოულოდნელი იყო, რაც ცოტა მაწუხებდა კიდეც. გუნდში რონალდინიო, დეკო, მოტა, სილვინიო, ჩავი დამხვდნენ და პირველივე წუთებიდან მაგრძნობინებდნენ, რომ ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. მათი დამოკიდებულება მშვენიერი იყო.
თანამედროვე ფეხბურთი:
ვფიქრობ, ახლა ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა. დღეს უფრო რთულია განსაკუთრებული ფეხბურთელის ნახვა, რომელსაც არაჩვეულებრივი ტექნიკა აქვს და თამაშს საკუთარ თავზე იღებს. პატარა ასაკიდანვე გაიძულებენ, რომ სხვანაირად ითამაშო. ვფიქრობ, ეს ძალიან შეცვლილია. ფეხბურთი დღეს ტაქტიკური სპორტია და ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო ტაქტიკური გახდება. კარგად ჩანს, რომ ნებისმიერ გუნდს შეუძლია საქმის გართულება, რადგან განსაკუთრებული მოთამაშის გარეშეც, ტაქტიკურად გამართულად თამაშობენ.
კოპა ამერიკის ჩემპიონობა:
საერთაშორისო ასპარეზზე ამდენი იმედგაცრუების შემდეგ როგორც იქნა ჩვენი დროც დადგა. ეს იყო შთამბეჭდავი მომენტი. როგორც იქნა ჩვენს მიზანს მივაღწიეთ და სწორედ ამის გამო ვიტირე.
გუარდიოლას „ბარსელონა“:
ეს ჩემი კარიერის არაჩვეულებრივი ეტაპი იყო. როდესაც გუარდიოლა მოვიდა, პირველი, რაც გვასწავლა გუნდურად თამაში იყო. მან აღმოაჩინა უნიკალური თაობა. ეს შთამბეჭდავი იყო. ყველა გუნდთან, ვინც არ უნდა ყოფილიყო მიზანი ყოველთვის გამარჯვება იყო. იყო მტკივნეული მარცხებიც, მაგრამ გვქონდა დიდი ნდობა ვარჯიშებზე. ვნანობ, რომ იმ დროს ამ თამაშებით უფრო დიდი სიამოვნება არ მივიღე. უბრალოდ საოცრება იყო, როგორ ამზადებდა გუარდიოლა გუნდს თითო თამაშისთვის. ჩვენ მას საქმე გავუადვილეთ. უბრალოდ, ისე ბუნებრივად ხდებოდა ყველაფერი, რომ ვერ ვხვდებოდით რას ვაკეთებდით. დროთა განმავლობაში ხვდები, რომ ეს რაღაც უნიკალური იყო. გუარდიოლამ ფეხბურთ დიდი ზიანიც მიაყენა, რადგან ეს ისეთი მარტივი ჩანდა, რომ ყველამ თითქმის ასეთი სტილით დაიწყო თამაში. ის უდავოდ საუკეთესო მწვრთნელია.
ლუის ენრიკე:
ის ძალიან ჰგავს გუარდიოლას. ბუნებრივია, პეპს რაღაც განსაკუთრებული აქვს, მაგრამ ლუის ენრიკეც თითქმის ანალოგიურად ემზადება თამაშებისთვის. ეძებს ხვრელებს, რომლითაც მეტოქეს დააზარალებს. მას იგივე ფილოსოფია ჰქონდა. ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრები მისი ხელმძღვანელობით საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა. ვიცი, როგორია მასთან მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის გუნდი, რომელიც მას სურს რომ იყოს.
მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა:
ვფიქრობ, მესიდ ყოფნას თავისი ცუდი მხარეც აქვს. ბევრ რამეში მინდა შეუმჩნეველი დავრჩე, არ მივიპყრო ყურადღება და არ ვიგრძნო, რომ მუდმივად მიყურებენ. თუმცა, ამას მიჩვეული ვარ. როცა შვილებთან და ოჯახთან ერთად ვარ, ვისვენებ. ოჯახი ყოველთვის ჩემი თავშესაფარი იყო. ჩემს მეუღლეს 7-8 წლის ასაკიდან ვიცნობ. როცა ბარსელონაში ჩამოვედი, კომუნიკაცია თითქმის არ გვქონდა. კვირაში ერთხელ ვსაუბრობდით, თან სწრაფად, რომ ტელეფონს ბევრი არ დაეწერა. ჩემი ოჯახისგან ყოველთვის ვიღებ რჩევებს, ისინი იარებს მიმთელებენ. ვცდილობ, არდადეგები ყოველთვის არგენტინაში, ჩემს ოჯახთან ერთად გავატარო, ისინი ჩემთვის ყველაზე ძვირფასები არიან.
ასაკი:
ამის გამო ვისწავლე, რომ სიამოვნება სხვანაირად მივიღო. ვიაზრებ, რომ იმ ასაკში ვარ, როდესაც ყველაფერი უფრო და უფრო მალე დამთავრდება. დღეს ბევრად უფრო მსიამოვნებს ყველაფერი, ყოველი დღე კლუბში და ნაკრებში. ბრაზილიაში, კოპა ამერიკის მოგების შემდეგ ყველაფერი უფრო ადვილი და ბუნებრივი ხდება.
ლიონელ სკალონი:
სკალონი ყოველთვის განსაკუთრებული პიროვნება იყო. ის ამავდროულად შესანიშნავი მწვრთნელიცაა. საუკეთესო თვისება, რაც მას აქვს, ფეხბურთელებთან კომუნიკაციაა. მან გააკეთა ფსონი იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც მისი აზრით გუნდისთვის საუკეთესო იქნება. დარწმუნებულია რასაც აკეთებს.
არგენტინის მიზნები მსოფლიოზე:
მუნდიალი ნებისმიერი გუნდისთვის რთული იქნება. როგორი სახელიც არ უნდა გქონდეს, გამარჯვება რთულია. ვფიქრობ, ტურნირს კარგ კონდიციებში ვხვდებით, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ფავორიტები ვართ. რეალისტები უნდა ვიყოთ და მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ. ვფიქრობ, საფრანგეთს, რომელსაც ბევრი ტრავმირებული ჰყავს, მაინც დიდი პოტენციალი გააჩნია. იქ არის ბევრი ფეხბურთელი და მწვრთნელი, რომელიც დიდი ხანია ერთად მოდიან. ბრაზილიასაც ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს, არაპროგნოზირებადი მოთამაშეები, ნეი... ჩვენც ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომლებსაც შესანიშნავი პერიოდი უდგათ. ჯოვანის ტრავმის გამო არ გაგვიმართლა, მაგრამ ვიბრძოლებთ, სწორედ ამ იდეით მივდივართ.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ფეხბურთელი ახლა არგენტინის ნაკრებთან ერთად იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 20 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს. არგენტინის ნაკრები მუნდიალზე C ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი საუდის არაბეთის, მექსიკისა და პოლონეთის ნაკრებები იქნებიან.