თუ კროოსი არ გაახანგრძლივებს - რეალი მილინკოვიჩ-სავიჩს იყიდის
ტონი კროოსის მომავალი ბურუსით არის მოცული. გერმანელ ნახევარმცველს კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში ეწურება და გახანგრძლივებას არ ჩქარობს. მადრიდის „რეალი“ მზად არის 33 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს, თუმცა თავად ტონის ჯერ არაფერი მოუფიქრებია. ცნობილია, რომ მას კარიერის დასრულება უნდა, მაგრამ ამაზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
რა თქმა უნდა, „სამეფო კლუბი“ მის შემცვლელს უკვე ეძებს. GOAL-ის ინფორმაციით, მადრიდული გრანდი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენას შეეცდება, რომლის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.
სერბი ნახევარმცველი „ლაციოს“ ბოლო წლების მთავარი ვარსკვლავია და რომაული კლუბი თავის ფეხბურთელს ასე მარტივად არ შეელევა. შეგახსენებთ, რომ მისი შეძენა „ბლანკოსს“ რამდენიმე წლის წინაც სურდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
კროოსი „რეალში“
გერმანელი ფეხბურთელი მადრიდულ გრანდს 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2014 წლიდან დღემდე, კროოსმა „რეალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 383-ჯერ მოირგო, 26 გოლი გაიტანა და 87 საგოლე გადაცემა შეასრულა.