„მუნდიალის მსვლელობისას შეწყვიტეთ კონფლიქტები“ - ინფანტინოს მოწოდება მსოფლიო ლიდერებს
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ G20-ის სამიტზე, რომელიც ინდონეზიაში გაიმართა, სახელმწიფოთა ლიდერებს სიტყვით მიმართა და მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ყველა შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
რა თქვა ინფანტინომ:
ფეხბურთი სიკეთის ძალაა. იმის რწმენა, რომ ფეხბურთს მსოფლიოში არსებული პრობლემების გადაჭრა შეუძლია, გულუბრყვილობა ნამდვილად არ არის. ვიცით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი სპორტული მიმართულების ორგანიზებაა, მაგრამ იმის გამო, რომ ფეხბურთი ხალხს აერთიანებს, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატს 5 მილიარდი ადამიანი უყურებს და ეს შეიძლება დადებითი სტიმული იყოს.
2018 წლის მუნდიალს რუსეთმა უმასპინძლა, 2030 წლისთვის კი უკრაინა აპირებს მასპინძლობაზე განაცხადის შეტანას. შესაძლოა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მართლაც გახდეს დადებითი იმპულსი. ყველა სახელმწიფოს მეთაურს ვთხოვ, რომ ტურნირის მიმდინარეობისას, 1 თვის განმავლობაში ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესაძლებლობა განიხილოს. გადადგით მშვიდობისკენ ნაბიჯი პირველებმა. თქვენ ხართ მსოფლიო ლიდერები და გაქვთ უნარი მოახდინოთ გავლენა ისტორიის მსვლელობაზე.
მსოფლიო ჩემპიონატი სამყაროს ერთიანობის უნიკალურ პლატფორმას სთავაზობს. ასე რომ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ კონფლიქტებს ბოლო მოეროს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალი კატარში 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს, ფინალური მატჩით დასრულდება.