“ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს“ - ძაკარდო კვარაცხელიაზე
ხვიჩა კვარაცხელიაზე არაერთი ცნობილი ფეხბურთელი საუბრობს. რომში, დიეგო მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილი მატჩის დასრულების შემდეგ, „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან ძაკარდომ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.
რა თქვა ძაკარდომ?
„კვარაცხელია? ძალიან კარგად დაიწყო. ეს მისი ნიჭის, გარემოს და კარგი მწვრთნელის დამსახურებაა. „ნაპოლიში“ ყველა კარგად თამაშობს, მათ შორის ხვიჩა და იმედი მაქვს, რომ ასე გააგრძელებს. დარწმუნებული ვარ, მას გაუმჯობესება სურს. ძალიან თავმდაბალია და გაზრდა თავისუფლად შეუძლია.
ხვიჩას ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ის ძალიან უბრალო და თავმდაბალი ადამიანია, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ჭკვიანი. აუცილებლად უნდა მოუსმინოს სპალეტის რჩევებს. გაზრდას და უფრო უკეთესი ფეხბურთის თამაშს ვუსურვებ. გაახანგრძლივებს, თუ არა კონტრაქტს? ეს მისი და კლუბის პირადი საქმეა და კონფიდენციალურია. ბოლო დღეები ნეაპოლში გავატარე, მას შევხვდი და გეტყვით, რომ შემდეგ მატჩში, რომელიც იანვარში გაიმართება აუცილებლად დაბრუნდება.“
შეგახსენებთ, რომ კრისტიან ძაკარდოს იტალიაში არაერთ კლუბში უთამაშია. საუკეთესო პერიოდი კი „პარმაში“ და „პალერმოში“ ჰქონდა. ყოფილ მცველს იტალიის ნაკრებში 17 მატჩში აქვს ჩატარებული და 1 გოლი გატანილი.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა „ლივერპულთან“ დაპირისპირების დროს მიიღო და ამის გამო სერია ა-ს ბოლო სამი მატჩი გამოტოვა. მიუხედავად ამისა, „ნაპოლიმ“ სამივე დაპირისპირება მოიგო და ჩემპიონატის ლიდერია.