„სუპერლიგა ჩემპიონთა ლიგის გაუმჯობესებული ვერსია იქნება“ - ლაპორტა
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ Diario Sport-თან სუპერლიგის იდეაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ახალი ტურნირი კლუბებს ფინანსურად გაძლიერების უფრო დიდ შესაძლებლობას მისცემს.
რას ამბობს ლაპორტა:
სუპერლიგის შექმნის მიზანი ფეხბურთის გაუმჯობესებაა. ასევე უკეთესი ფინანსური მდგრადობისთვის ბრძოლა, რათა კლუბები არ გაკოტრდნენ და უფრო მეტი რესურსი ჰქონდეთ... იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანები.
ამის შედეგად, სუპერლიგა გახდება ჩემპიონთა ლიგის გაუმჯობესებული ვერსია და დაფუძნებული იქნება მერიტოკრატიაზე, ანუ, ღია იქნება ყველა კლუბისთვის, დისკრიმინაციის გარეშე. ამ კლუბებს ექნებათ გარანტიები და წესები, რომლებიც საშუალებას მისცემთ მიიღონ მეტი ფინანსური რესურსი.
სამშაბათს, სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორისა და უეფა-ს პრეზიდენტის შეხვედრა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იყო.
შეგახსენებთ, რომ ჟოან ლაპორტა და მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი რამდენიმე წელია აქტიურად ამტკიცებენ, რომ მსოფლიოს ახალი საფეხბურთო ტურნირი სჭირდება. „რეალის“ პრეზიდენტს მხარს თითქმის ყველა ევროპული გრანდი უჭერდა (პსჟ-ს და მიუნხენის „ბაიერნის“ გამოკლებით), თუმცა უეფას, ასევე ამ ორგანიზაციაში შემავალი ფედერაციების ძალისხმევით აღნიშნული პროექტი დროებით შეჩერდა. ფლორენტინო პერესი ამ დრომდე აქტიურად ცდილობს, რომ ახალი იდეის გარშემო რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი გააერთიანოს და დარწმუნებულია, რომ „სუპერ ლიგა“ ადრე თუ გვიან აუცილებლად ამოქმედდება.