საშინელი შეჯახება - ჩაკვეტაძემ პენალტი მოიპოვა, თუმცა ტრავმის ფასად
სლოვაკეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ქართველების სლოვანმა საკუთარ მოედანზე რუჟომბეროკი მიიღო და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
ბრატისლავურ კლუბში მოთამაშე სამივე ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძემ კი მოედანი 53-ე წუთზე, ტრავმის გამო დატოვა.
ანგარიში მასპინძლებმა მეორე ნახევრის 48-ე წუთზე, რამირეზის გოლით გახსნეს. ზუსტად 5 წუთში, სტუმართა საჯარიმოში გიორგი ჩაკვეტაძის აქტიურობას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, თუმცა სამწუხაროდ, 23 წლის ფეხბურთელს პენალტი ტრავმის ფასად დაუჯდა. ჩაკვეტაძემ მეკარესთან უსიამოვნო შეჯახების გამო მუხლის არეში ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, მისი მოპოვებული პენალტი კი ვლადიმირ ვაისმა გააფუჭა, თუმცა დამატებაზე შეძლო რუჟომბეროკის კარში მეორე გოლის გატანა.
საბოლოოდ „სლოვანმა“ 2:0 მოიგო და სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი 17 ტურის შემდეგ 38 ქულით გათამაშების ლიდერია და უახლოეს მდევარ „დუნეისკა სტრედას“ 3 ქულით უსწრებს.
რაც შეეხება ჩაკვეტაძის ტრავმას, დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია. 23 წლის ფეხბურთელის მდგომარეობასთან დაკავშირებით კლუბი განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.