დუბლი ფინალში - ტაბატაძე ყაზახეთის თასის ბომბარდირი გახდა
ყაზახეთის თასის ფინალში „აკჟაიკი“ „ორდაბასისთან“ 4:5 დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო 4:4 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა, 119-ე წუთზე „ორდაბასის“ ფორვარდმა ელხან ასტანოვმა პენალტის ნიშნულიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.
„აკჟაიკის“ სასტარტოში თომა ტაბატაძემ ითამაშა, ქართველმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა, პირველი გოლი მე-11 წუთზე გაიტანა და ანგარიში 2:0 გახდა. 68-ე წუთზე ტაბატაძემ ახლო მანძილიდან შეაგდო, მისი გუნდი წინ გაიყვანა - 3:2.
საბოლოოდ, შეხვედრა ტაბატაძის გუნდმა დათმო, თუმცა მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ 30 წლის თავდამსხმელი ყაზახეთის თასის ბომბარდირი გახდა, მის აქტივში 8 გოლია.
ტაბატაძემ ყაზახეთის თასის 9 შეხვედრაში 8 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ყაზახეთის ჩემპიონატის 11 შეხვედრაში 3 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
ფინალურ შეხვედრაში „აკჟაიკის“ სასტარტოში ტაბატაძესთან ერთად ლუკა იმნაძემ იასპარეზა, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს. ტაბატაძემ მინდორი 78-ე წუთზე დატოვა.