„ასე უკეთეს ფორმაში შედიხარ“ - ელმასი ხვიჩასთან კონკურენციაზე
სერია ა-ს მე-15 ტურში „ნაპოლიმ“ შინ „უდინეზე“ 3:2 დაამარცხა. ნეაპოლური კლუბის სასტარტოში ელიფ ელმასმა ითამაშა, რომლის საგოლე პასით ვიქტორ ოსიმენმა ანგარიში გახსნა. ნეაპოლელთა მხრიდან მესამე გოლი ელმასის ანგარიშზეა. ასე რომ, ხვიჩას კონკურენტმა კარგი მატჩი ჩაატარა. DAZN-თან ინტერვიუში მაკედონიელმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელმაც სერია ა-ს გასული სამი ტური წელის ტრავმის გამო გამოტოვა.
„მე ვთამაშობ ცენტრში და ზოგჯერ ფლანგზე. ფლანგზე ასევე თამაშობს კვარაცხელია. როცა კონკურენციაა, შესაძლებლობებს უკეთ ავლენ და უკეთეს ფორმაში შედიხარ. ჯანსაღი კონკურენცია შესანიშნავია, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ კლუბისთვის და ქომაგებისთვის“.
გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მედიასთან ისაუბრა:
„სკუდეტოსთვის ბრძოლაში 6 კონკურენტი გვყავს. ისინი ჩვენთან ძალიან ახლოს არიან. მათ შეუძლიათ პრობლემები შეგვიქმნან მსგავსად დღევანდელი თამაშისა, თუმცა სამომავლოდ მსგავსი რისკი უნდა გამოვრიცხოთ, ჩვენი პროფესიული დამოკიდებულება უნდა გამოვავლინოთ მაშინაც კი, როცა ორბურთიანი ან სამბურთიანუ უპირატესობით ვიგებთ.
„უდინეზესთან“ შეხვედრის დასკვნით 15 წუთში გამოჩნდა, რომ გამარჯვება გარანტირებული არაა. მადლობა ბიჭებს, რომ შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.
სეზონის პირველი ნახევარი ბრწყინვალედ ჩავატარეთ. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს“.
15 ტურში „ნაპოლიმ“ 41 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. სპალეტის გუნდი „მილანსა“ და „ლაციოს“ 11 ქულით უსწრებს, თუმცა თუ აღნიშნული გუნდები მე-15 ტურში გამარჯვებას მოიპოვებენ, ლიდერთა სხვაობა 8 ქულამდე შემცირდება.
მე-16 ტურში „ნაპოლი“ მილანის „ინტერს“ ესტუმრება. აღნიშნული შეხვედრა 4 იანვარს მილანში გაიმართება.