აგენტი | “შახტართან მოლაპარაკებები სრულდება, ვალენსიას წინადადებით არ მოუმართავს“
ბოლო კვირის მანძილზე, ქართულ სატრანსფერო ბაზარზე, ყველაზე განხილვადი თემა საბურთალოს მარჯვენა მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის სამომავლო, ევროპული კარიერაა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს მართლაც ბოლო საფეხბურთო სეზონია, როდესაც მას საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, საბურთალოს ფორმით ვუყურებთ.
სავარაუდო ტრანსფერის ირგვლივ მეტი დეტალის გარკვევა ვცადეთ.
ფეხბურთელის სააგენტო (BENE SPORT) დონეცკის შახტართან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი დასასრულისკენ მიდის:
,,შახტართან მოლაპარაკებები ნამდვილად არსებობს და გიდასტურებთ, რომ უკვე საფინალო ეტაპზე ვართ".
ფეხბურთელის აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა გვითხრა, რომ ინტერესის მიუხედავად, ესპანური ვალენსიას მხრიდან ოფიციალური შეთავაზება ამ დრომდე არ ყოფილა:
,,მინდა, გულშემატკივარს სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა, რომ ვალენსიადან არანაირი ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია. ვიცით, რომ ბევრი იწერებოდა და ინტერესი ნამდვილად იყო, თუმცა ამ ყველაფერს ოფიციალური სახე ნამდვილად არ ჰქონია. ასევე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ვალენსიას მეორე გუნდის შესახებ მიდიოდა, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ოფიციალურ დონეზე ამ დრომდე არაფერი ყოფილა".
აღსანიშნავია, რომ ნოემბრის სანაკრებო შეკრებაზე მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გიორგი გოჩოლეიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების სიაში შეიყვანა. გიორგი დებიუტანტია და 15 ნოემბერს, ეროვნულ ნაკრებთან ერთად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება.
,,სულ 2 წელია, რაც ქართულ საფეხბურთო ბაზარზე გამოვჩნდით. გიორგი BENE SPORT-ის პირველი ფეხბურთელია, რომელიც ეროვნული ნაკრების განაცხადში მოხვდა და მისით ძალიან ამაყები ვართ. მინდა, მას ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მივულოცო, ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს კი ნდობისთვის მადლობა გადავუხადო".
21 წლის გიორგი გოჩოლეიშვილი საბურთალოს აკადემიის აღზრდილია და ამავე კლუბის მთავარ შემადგენლობაში 2020 წლიდან გამოდის. ახალგაზრდა ფეხბურთელს თბილისური გუნდში 85 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 8 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.
სამენეჯერო-სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელი 600 000 ევროდ არის შეფასებული, რაც საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-5 საუკეთესო მაჩვენებელია.