“ბურთი ძალიან მიყვარს, ცოტა ზედმეტი მომდის“ - კვარას ინტერვიუ
სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან პირველი ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც „კვარა“ სპალეტიზე, გუნდზე, გუნდელებზე და საინტერესო თემებზე საუბრობს:
ბურთი ზედმეტად მიყვარს
„რთულია რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან უხერხული იქნება ამაზე საუბარი, მაგრამ ბურთთან ერთად ყოფნა ძალიან მიყვარს. ისე გამოდის ხოლმე, რომ ცოტა ზედმეტი მომდის, მაგრამ ამაზე ვმუშაობ. ბურთის სიყვარული ცოტა ზედმეტად მაქვს და ამის გამო მიწევს ამის გაკეთება, მაგრამ არა უშავს ყველაფერი გამოსწორებადი არის. მთავარია ბურთის ქონით გუნდს გამოვადგე“.
„კვარადონას“ შესახებ
„მარადონას რაც შეეხება, ალბათ მასთან შედარება არცერთი ფეხბურთელის არ შეიძლება, რადგან ის იყო ლეგენდა და ძალიან რთული იქნება დედამიწას კიდევ ასეთი ფეხბურთელი მოევლინოს. ძალიან მიხარია, როცა ასეთ რაღაცას მეძახიან (კვარადონა), იმიტომ, რომ ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაძლევენ“.
სპალეტის შესახებ
„პირველ რიგში მის ადამიანობას გამოვარჩევ. ძალიან მაგარი ადამიანია. როცა აქ ჩამოვედი, როცა აქ მოვდივარ სულ მელაპარაკება, სულ რაღაცას მიხსნის, ძალიან განვვითარდი, ბევრი რამ ვისწავლე ტაქტიკურად და უფრო მეტი მინდა მისგან ვისწავლო, რადგან ძალიან მაგარი მწვრთნელია. სულ მეუბნება, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთო და არაფრით დავკმაყოფილდე და გუნდთან ერთად მეტად ვითამაშო“.
კიმის შესახებ
„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ საოცარი ადამიანია. ძალიან პოზიტიური ადამიანია, როცა მას ესაუბრები შანსი არ გაქვს, აუცილებლად გაგეცინება, რადგან ძალიან პოზიტიური ადამიანია და ბევრს ხუმრობს. რაც შეეხება ფეხბურთს, ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა და ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. როცა ის უკან დგას იმედიანად ხარ - ის აუცილებლად წაართმევს ბურთს და ყველაფერს გადაეღობება. ჩემი აზრით, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია“.
უდინეზესთან მატჩზე
„ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები თამაშობენ ამ გუნდში. რა თქმა უნდა, თამაში ძალიან მინდა, მაგრამ ჯერ ვნახოთ. კიდევ სამი დღე გვაქვს, მაგრამ ვნახოთ როგორ იქნება ჩემი ტრავმა, თუ რამდენიმე პროცენტი თუ იქნება შანსი, მოედანზე აუცილებლად გამოვალ. 10 წუთი იქნება თუ რაც, რასაც მეტყვიან იმას გავაკეთებ, რომ ჩემს გუნდს დავეხმარო“.