ისლანდია დამარცხებულია! - მსოფლიო ჩემპიონატს 1 ნაბიჯი გვაშორებს
საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში საქართველოს კალათბურთელი სტუმრად ისლანდიის ნაკრებს შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში, 3 ქულის სხვაობით - 88:85 დაამარცხა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ნახევარში ქართველმა კალათბურთელებმა 10-ქულიანი გაქცევას მოაწყვეს და საბოლოოდ თამაშის პირველი ნახევარი 7-ქულის სხვაობით მოიგეს.
მეორე ნახევარში ისლანდიელები დაცვაში ბევრად აგრესიულად გვეთამაშებოდნენ და ეს სხვაობაზეც აისახა. მესამე მეოთხედში იყო ეპიზოდი, როდესაც მეტოქემ 12-ქულიანი გაქცევაც მოგვიწყო და პერიოდი 10 ქულის სხვაობით მოგვიგო, მცირე შესვენებაზე კი 3-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 63:60.
როგორც მოსალოდნელი იყო, გადამწყვეტი დასკვნითი მეოთხედი გამოდგა, სადაც ლიდერის ლიდერის სტატუსი გუნდებმა არაერთხელ გაცვალეს. ერთ-ერთ ეპიზოდში ისლანდიელები 8 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა თამაშში დაბრუნდება მიხეილ ბერიშვილის ზუსტად შესრულებული სამი სამქულიანი შევძელით. ბერიშვილის ზუსტმა სროლებმა მატჩის საბოლოო შედეგზე ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა. განსაკუთრებით დამაჯერებლად კი ილიას ზუროსის გუნდმა დასკვნითი 3 წუთი ჩაატარა და შეხვედრის დასრულებამდე 1.30 წუთით ადრე 7-ქულის სხვაობითაც იგებდა, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში არადამაჯერებელი თამაშის გამო მასპინძლებმა სხვაობის 1-ქულამდე დაყვანაც შეძლეს. საბედნიეროდ, ქართველმა კალათბურთელებმა ბოლო 1 წუთში ყურადღების მობილიზება შეძლეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მაინც მიიყვანეს.
უნდა აღინიშნოს თორნიკე შენგელიას საოცარი თამაში. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ეროვნულ გუნდში პირველი თამაში ჩაატარა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. თოკომ პარკეტი ორმაგი დუბლით დატოვა. საერთო ჯამში მის ანგარიშზე მოედანზე გატარებულ 33:32 წუთში 26 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკი იყო. ორმაგი დუბლი მიითვალა გიორგი შერმადინმაც, რომელმაც 30:26 წუთში 10 ქულა, 11 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ბლოკი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
საქართველოს ნაკრებმა ისლანდიასთან გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად უდიდესი ნაბიჯი გადადგა. იმ შემთხვევაში, თუ ილიას ზუროსის გუნდი ისლანდიას თბილისშიც დაამარცხებს, მაშინ იაპონიის საგზურს გაინაღდებს. შეხვედრა 2023 წლის თებერვალში გაიმართება, თუმცა მანამდე ქართველი კალათბურთელები წლის ბოლო მატჩს 14 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.