„ჩემთვის, მისი მარადონასთან შედარება მკრეხელობაა“ - დელიო როსი კვარაზე
„ლაციოს“, „პალერმოსა“ და „ფიორენტინას“ ყოფილმა მწვრთნელმა, დელიო როსიმ რადიო Marte-ს ეთერში „ნაპოლის“ ბოლოდროინდელს შედეგებსა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
60 წლის სპეციალისტმა „მილანთან“ 8-ქულიანი უპირატესობის გამო გამოცემა ვერ დამალა.
რა თქვა როსიმ:
გაკვირვებული ვარ „ნაპოლის“ „მილანთან“ 8-ქულიანი უპირატესობის გამო. დარწმუნებული ვარ სეზონის დასაწყისში ამას კლუბის ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივრებიც ვერ წარმოიდგენდნენ. თუმცა, ლიდერობა 100%-ით დამსახურებულია. ვულოცავ მათ ასეთ წარმატებას. ისინი ძალიან გაბედულები არიან. სეზონის სტარტზე ამდენი ფეხბურთელის წასვლა და შემდეგ მათი შეცვლა მარტივი არ ყოფილა, თუმცა მათ ეს ბრწყინვალედ შეძლეს. ამაში მწვრთნელის როლიც ძალიან დიდია.
ლუჩიანოს გზას კარგად ვიცნობ. მისი უნარი სწორედ იმ მოთამაშეების გაუმჯობესებაზე მეტყველებს, როგორიც ახლა „ნაპოლის“ ფეხბურთელებს აქვთ. კვარაცხელია? ის მომენტალურად მოერგო სერია A-ს სათამაშო სტილს და დაამტკიცა, რომ ნიჭიერია. თუმცა, მისი მარადონასთან შედარება ჩემთვის მკრეხელობაა. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ მის ადგილზე კომბინაციებში უფრო მარტივად ვიმოქმედებდი.
შეგახსენებთ, რომ ზურგის ტრავმის გამო კვარაცხელიამ სერია A-ს ბოლო ორ მატჩში ვერ ითამაშა: ჯერ 5 ნოემბერს, „ატალანტასთან“, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 მოიგო და 8 ნოემბერს „ემპოლისთან“, რომელიც ასევე „ნაპოლის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. თუმცა, დიდი შანსია ქართველი ვარსკვლავი შაბათს, „უდინეზეს“ წინააღმდეგ დაბრუნდეს.
აქვე გეტყვით, რომ ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია A-ში 14 ტურის შემდეგ 38 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „მილანს“, რომელმაც გუშინდელ მატჩში „კრემონეზესთან“ ქულები დაკარგა, 8 ქულით უსწრებს. „ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ შეხვედრა კი შაბათს, 12 ნოემბერს საქართველოს დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი.