ავთანდილ ასათიანი : “თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ“
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში მესამე გამარჯვება იზეიმა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა ავსტრიასთან უხვგოლიან შეხვედრაში 6:4 გაიმარჯვა. თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოთხი გოლი ბრუნო პეტრიმ გაიტანა, ხოლო თალესმა დუბლი შეასრულა.
მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრას ავთანდილ ასათიანის გუნდი 2023 წლის 7 მარტს, მეორე ადგილზე მყოფი ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.
ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „მთავარი მიზანი შევასრულეთ და ცხრა ქულა გვაქვს, რაც 99 პროცენტით ელიტ-რაუნდის საგზურს გვაძლევს. თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. თამაშამდე არაერთხელ ვთქვი, რომ მოწინააღმდეგის დაფასება აუცილებელია და სატურნირო ცხრილმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. საბოლოო ჯამში, კარგია რომ გავიმარჯვეთ, 9 ქულა ცოტა თავისუფლების საშუალებას გვაძლევს. ბოლო ტურში გადაწყდება პირველი ადგილის ბედი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად პირველი ადგილით უნდა გავიდეთ ჯგუფიდან. მინდა აღვნიშნო ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა. არ მეგონა, თუ ამდენი ადამიანი დაგვიჭერდა მხარს. დარწმუნებული ვარ, მათ გარეშე ამ თამაშს ვერ შემოვატრიალებდით. დიდი მადლობა ჩემი და ბიჭების სახელით. ერთად უნდა მოვიგოთ, რადგან გულშემატკივრების გარეშე სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ“
ირაკლი თოდუა (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): „რთული თამაში გამოდგა. მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას რამდენჯერმე წინ იყვნენ, მოვახერხეთ თამაშის შემობრუნება და სასურველი შედეგის დაფიქსირება. მთავარია, რომ პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ და შემდეგ ეტაპზე ფაქტობრივად გავედით, თუმცა მარტში დაგვრჩა ბელგიასთან გასვლითი შეხვედრა და ვეცდებით, რომ პირველი ადგილით გავიდეთ, რადგან შემდეგ ეტაპზე აუცილებელი იქნება, რომ მაღალ კალათში ვიყოთ განთესილები“