იოზეპ ბლატერი, მიშელ პლატინი, კატარი 2022
Aa
Aa

აღიარება სიკვდილის წინ? ფულზე გაყიდული ფეხბურთი - ბლატერის სკანდალური ინტერვიუ

ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა 86 წლის იოზეპ ბლატერმა პრესასთან ისაუბრა და „ძველი ცოდვების“ შესახებ სკანდალური განცხადებები გააკეთა.

ბლატერმა აღიარა, რომ მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება FIFA-მ ფულზე გაყიდა.

FIFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მუნდიალის დაწყებამდე 12 დღით ადრე სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, რის შედეგადაც კატარსა და მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს დიდი დარტყმა მიაყენა.

ბლატერი ღიად ამბობს, რომ 2022 წლის მუნდიალის მასპინძელი კატარის ნაცვლად აშშ უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად ყველაფერი ასე იყო შეთანხმებული, თუმცა შემდეგ ერთი ქვეყნის პრეზიდენტის ჩარევის შედეგად და დიდი ზეწოლით ყველაფერი შეიცვალა.

„კატარის არჩევა შეცდომა იყო. მაშინ აღმასკომში ფაქტობრივად შევთანხმდით, რომ რუსეთმა უნდა უმასპინძლოს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, ხოლო შეერთებულმა შტატებმა - 2022-ს. ეს იქნებოდა მშვიდობის ჟესტი, თუ ორი დიდი ხნის პოლიტიკური მოწინააღმდეგე რიგრიგობით უმასპინძლებდა ტურნირს“.

- ამბობს ბლატერი.

ოგორ მოხდა ყველაფერი? ყველაფერი ფულმა გადაწყვიტა

„ფიფას 2010 წლის კონგრესამდე ერთი კვირით ადრე მიშელ პლატინიმ დამირეკა და მითხრა, რომ ჩვენი გეგმა აღარ იმუშავებდა. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან ერთად ისადილა, სადაც კატარის პრინციც იმყოფებოდა.

სარკოზიმ პლატინის უთხრა: „დაფიქრდი, რისი გაკეთება შეგიძლია შენ და შენს კოლეგებს უეფადან, თუ კატარს მუნდიალის მასპინძლობის საშუალებას მისცემთ“.

ამით ის გულისხმობდა, რომ ჩვენი გეგმა აღარ იმუშავებდა. მან მითხრა - „ზეგ, რას გააკეთებდი, თუ შენი პრეზიდენტი რამეს გთხოვდა?“ - მე ვუპასუხე, რომ ეს კითხვა არ გამჩენია, რადგან შვეიცარიაში პრეზიდენტი არ გვყავს.

მიშელისა და მისი ხალხის მიერ მიცემული ოთხი ხმის წყალობით, მუნდიალის მასპინძლობის უფლება კატარს გადაეცა. აქედან 6 თვის შემდეგ, კატარმა ფრანგებისგან 14.6 მილიარდ დოლარად საბრძოლო თვითმფრინავები იყიდა“.

ფრანგები და შეიხები - ფული, ფული და ფული

Football Leaks-მა ჯერ კიდევ 2018 წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკოლა სარკოზი კატარის ემირებთან შეხვედრის შემდეგ, მათ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის მისაღებად დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ 2 რამის სანაცვლოდ: პირველი - მათ უნდა ეყიდათ პსჟ და საფრანგეთში სპორტული არხის BeIN Sports-ის მაუწყებლობა უნდა დაწყებულიყო. ამ ყველაფრის შესრულების შემთხვევაში, სარკოზი მათთვის მიცემულ სიტყვას შეასრულებდა.

შეიხებმა წინადადება მიიღეს. პსჟ გახდა Qatar Sports Investments ფონდის საკუთრება, კატარმა კი მუნდიალის მასპინძლობის უფლება მიიღო.

ბლატერი ინფანტინოს უპირისპირდება - რატომ ცხოვრობს ის კატარში?

„ჩემთვის გასაგებია - კატარი შეცდომაა. ეს არჩევანი ცუდი იყო. მაგრამ მე მაინტერესებს რატომ ცხოვრობს ფიფას პრეზიდენტი კატარში? ის არ შეიძლება იყოს მსოფლიო ჩემპიონატის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ეს მისი საქმე არ არის. ამისთვის ორი საორგანიზაციო კომიტეტია - ადგილობრივი და ერთი ფიფას. ფიფას პრეზიდენტს ამ ყველაფერზე საბოლოო კონტროლი უნდა ჰქონდეს.

მაგალითად, არსებობს საკითხი, რომ უნდა შეიქმნას ფონდი გარდაცვლილი მუშების ოჯახებისთვის, რომლებიც სტადიონების მშენებლობას შეეწირნენ. კატარი ამაზე ამბობს არა. და რა უნდა თქვას ან გააკეთოს ფიფამ, თუ მათი პრეზიდენტი იმავე ნავში ზის?

კატარისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის მიცემა შეცდომა იყო. და მე იმ დროს, როგორც პრეზიდენტი პასუხისმგებელი ვიყავი. ახლა, როცა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება გარდაუვალია, მიხარია, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ტურნირს არც ერთი ფეხბურთელი ბოიკოტს არ უცხადებს.

მაგრამ ორი ქვეყნის ერთდროულად არჩევა შეცდომა არ იყო. ეს იყო კარგად გააზრებული გეგმა, რომელიც ტურნირის ორგანიზატორებს აძლევდა მეტ დროს, ტელევიზიისა და მარკეტინგის პარტნიორებს კი დაგეგმვისას უფრო მეტ უსაფრთხოებას“.

მუნდიალი რუსეთში

„რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატის კარგი ორგანიზატორი იყო. პუტინმა ტურნირი პროპაგანდისთვის გამოიყენა? ბევრი სხვა ასევე იყენებს სპორტს პოლიტიკური მიზნებისთვის. მე არ ვარ მოსამართლე და არ მინდა ამის განსჯა.

მასთან კონტაქტი აღარ მაქვს. პუტინი ყოველთვის ფრთხილი იყო. ის არ წასულა ციურიხში არჩევნებზე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ტენდერი მოიგო, ის კალინინგრადიდან ჩაფრინდა და პრესკონფერენცია გამართა. მან მითხრა: „ახლა ვიცი, რომ შემიძლია გენდო. ახლა ჩვენ მეგობრები ვართ". დღეს პუტინი აღარ არის ის, ვისაც მაშინ შევხვდი“.

- იხსენებს ბლატერი.

ამერიკელების შურისძიება?

„ამერიკელები, რომლებთანაც ფედერალური პროკურატურა თანამშრომლობდა, განრისხდნენ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატს მათ ვერ უმასპინძლეს და ეს კატარმა გააკეთა.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ პლატინი, რომელიც კატარის მომხრე იყო, ჩემი მემკვიდრე არ გამხდარიყო. მაგრამ ეს ყველაფერი დადასტურებული არ არის. ისტორია გვიჩვენებს, თუ რა იყო სიმართლე. და თუ უფალი ჩემდამი კეთილია, ამის დანახვას ჯერ კიდევ შევძლებ. მაგრამ თუ მოვკვდები, შეგიძლიათ ამის შესახებ დაწეროთ და დაამატოთ: ზეპ ბლატერს სურს, რომ სიმართლე გამოაშკარავდეს“.

ბლატერი, რომელიც კარგა ხნის მანძილზე საეჭვო გარიგებებში იყო შემჩნეული და საბოლოოდ, ფეხბურთისგან სამუდამოდ ჩამოაშორეს (მის წინააღმდეგ ძიება დღესაც მიმდინარეობს), 86 წლის ასაკში ალაპარაკდა და ყველაფერს ფარდა ახადა. თუმცა აქამდე მსგავსს არაფერს ამბობდა.

არის, თუ არა ეს ეგრეთწოდებული „აღიარება სიკვდილის წინ“? ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს. იქამდე კი უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა ბევრს მოუწევს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კუმა დატოვა - ცნობილია სად იცხოვრებს ხვიჩა
კუმა დატოვა - ცნობილია სად იცხოვრებს ხვიჩა