ბელინი: „დიდებული სიურპრიზია, ბრწყინვალე ხვიჩა ჩვენთან ერთადაა“
სერია ა-ს მე-14 ტურში, „ნაპოლი“ - „ემპოლის“ თამაშის დაწყებამდე დიეგო მარადონას სახელობის სტადიონის ცნობილმა დიქტორმა დეციბელ ბელინიმ დამსწრე საზოგადოებას ამცნო: „ამ ღამეს ჩვენთვის დიდებული სიუპრიზია, ბრწყინვალე ხვიჩა კვარაცხელია ჩვენთან ერთადაა, სტადიონზე იმყოფება“.
წელის ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტასთან“ დაპირისპირება გამოტოვა, „ემპოლისთან“ შეხვედრაში მატჩს თვალი ტრიბუნიდან ადევნა და შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლო ოფიციალური შეხვედრაც გამოტოვოს, 12 ნოემბერს ლუჩანო სპალეტის გუნდი „უდინეზეს“ უმასპინძლებს.
ცნობილმა იტალიელმა ექიმმა ანჯელო კავალიომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რადიო Punto Nuovo-სთან ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა, ხვიჩამ „უდინეზესთან“ შეხვედრაშიც ვერ მიიღოს მონაწილეობა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 12 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 6 გოლი და 5 საგოლე პასია. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.