სრული დომინაცია - ბორჯღალოსნებმა ნოემბრის პირველი ტესტი მოიგეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების სერიის პირველი მატჩი „დინამო არენაზე“, ურუგვაის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დამაჯერებლად, 16 ქულის სხვაობით 34:18 დაამარცხა.
შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი და მხიარული გამოდგა. ბორჯღალოსნებმა მეტოქის ნახევარზე 4 ლელო დადეს, საპასუხოდ კი 2 მიიღეს. აღსანიშნია ბექა გორგაძის ფენომენალური თამაში, რომელმაც სამჯერ მოახერხა „ბორჯღალოსნების“ შეტევების ლელოდ ქცევა, ერთი ლელოც კი გურამ პაპიძის ანგარიშზეა.
ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი 24:13 მოიგეს. ანგარიში სტუმრებმა მე-2 წუთზე საჯარიმო დარტყმით გახსნეს, რომელსაც მე-8 წუთზე უკვე თედო აბჟანდაძემ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა - 3:3.
მე-11 წუთზე სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა პირველი ლელო იხილა. მოედნის ცენტრში წამოწყებული კომბინაცია ლელოდ ბექა გორგაძემ აქცია, რასაც თედო აბჟანდაძის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვაც მოყვა - 10:3.
ათიოდე წუთში ბექა გორგაძემ მეორედ შეძლო თავის გამოჩენა, თუმცა ამჯერად მსაჯს ლელოს ჩასათვლელად ვიდეორეფერის დახმარება დასჭირდა, თუმცა ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა. ეპიზოდი თედო აბჟანდაძემ კვლავ ზუსტი გარდასახვით დაასრულა და ანგარიში 17:3 გახდა.
30-ე წუთზე ჩვენს ნახევარზე სტუმრებმა პირველი ლელო გაიტანეს და ზუსტი გარდასახვაც მიაყოლეს, რასაც 3 წუთში ზუსტად შესრულებული ჯარიმაც მოყვა - 17:13.
ერთი შეხედვით, ურუგვაელმა მორაგბეებმა თამაშში დაბრუნება შეძლეს, თუმცა ტაიმის მიწურულს სტუმრებს გეგმები ბექა გორგაძემ აურია, რომელმაც მათ ნახევარზე მესამე ლელო გაიტანა და ამ შემთხვევაშიც, თედო აბჟანდაძის გარდასახვა ზუსტი იყო - 24:13.
პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ნახევარი ძირითადად პოზიციების თამაშს ჰგავდა და შეხვედრის პირველ ნაწილს სანახაობრივად ვერ შეედრებოდა. საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი ლელო 44-ე წუთზე გურამ პაპიძემ დადო და თედომ აქაც ზუსტად შეასრულა გარდასახვა - 31:13.
66-ე წუთზე სტუმრებმა ჩვენს ნახევარზე მეორე ლელო დაამიწეს, თუმცა გარდასახვის შესრულება ვერ შეძლეს, საბოლოო ანგარიში კი 69-ე წუთზე, თედო აბჟანდაძემ დააფიქსირა, რომელმაც მოედნის ცენტრში დანიშნული საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად.
საქართველო 34:18 ურუგვაი
„ბორჯღალოსნები“ მომდევნო ტესტ-მატჩს 12 ნოემბერს, კვლავ „დინამო არენაზე“ გამართავენ. ქართველი მორაგბეების მეტოქე სამოას ეროვნული ნაკრები იქნება.