კატარში, საცხოვრებლებიდან ათასობით დაქირავებული მუშა იძულებით გაყარეს | 2 კვირა მუნდიალამდე
როგორც ფეხბურთის გულშემატკივარმა უკვე იცის, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში გაიმართება. კატარმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2010 წელს მოიპოვა. აზიაში პრესტიჟული და პოპულარული სანაკრებო ტურნირისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობდა, მედია კი სულ უფრო და უფრო ხშირად წერდა იმ გაუსაძლის პირობებზე, რომელიც კატარში სამუშაოდ ჩასულ მიგრანტებს ხვდებოდა.
28 ოქტომბერს, დოჰაში, საერთო საცხოვრებლები სრულიად დაცარიელდა. ადგილობრივმა მმართველებმა ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ნეპალიდან, ბანგლადეშიდან და შრი-ლანკიდან ჩასული მუშები თავშესაფრის გარეშე დატოვეს. უმეტესმა მათგანმა საცხოვრებელი ვერ მონახა და ღამეები ღია ცის ქვეში, ტროტუარებზე გაათენა.
ინციდენტი პოპულარული სანაკრებო ტურნირის დაწყებამდე 4 კვირით ადრე მოხდა.
დოჰაში მცხოვრებ მიგრანტებს, საღამოს 8 საათისთვის, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უთხრა, რომ საკუთარი ნივთების შეგროვებისა და საცხოვრებლის დატოვებისთვის 2 საათი ჰქონდათ. მათივე დაქირავებული ადამიანები დაახლოებით 22:30 საათისთვის შენობებთან ისევ დაბრუნდნენ და ადამიანები საცხოვრებლებიდან ძალდატანებით გამოიყვანეს. ზოგიერთი დაქირავებული მუშახელი საკუთარი ნივთების შესაგოროვებლად ვერც დაბრუნდა, რადგან მისთვის სამუშაო საათები დასრულებული ჯერ კიდევ არ იყო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
2010 წლის შემდეგ კატარში მხოლოდ სტადიონების მშენებლობა არ მიმდინარეობდა. მსოფლიო ჩემპიონატისთვის მთლიანად ახალი ქალაქი შენდებოდა, რომელშიც ბუნებრივია, უამრავი ინფრასტრუქტურა იყო მოსაწყობი: აეროპორტი, გზები და დაახლოებით 100 ახალი სასტუმრო, რის მშენებლობასაც ადამიანები ეწირებოდნენ. ადამიანების უფლებისთვის ბრძოლის სხვადასხვა ორგანომ კატარს ამ და სხვა მიზეზით არაერთხელ უჩივლა.
დაქირავებული მუშახელი ოთახში 12 ადამიანთან ერთად ცხოვრობდა და მათთვის სასმელი, სუფთა წყალი მიუწვდომელი იყო.
Guardian-მა დაწერა, რომ მუნდიალის მზადების პროცესში, მხოლოდ 2021 წლის თებერვალში, სიცოცხლე იძულებით 6 500-მა მიგრანტმა დაასრულა, რაც ნიშნავს, რომ საშუალოდ, კვირაში 12 ადამიანი იღუპებოდა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) კი გვიყვება, რომ კატარში ბუნებრივი გარდაცვალება არ აღიქმებოდა სამსახურთან დაკავშირებულ მოვლენად მაშინ, როცა მძიმე შრომა და მაღალი ტემპერატურა სითბური ინსულტის წინაპირობა ხდებოდა, რაც თავს ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს იჩენდა. სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით, სითბური ინსულტი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა და მისი სამედიცინო გართულებები შეიძლება იყოს: კრუნჩხვები (ეპილეფსიური შეტევა) , რაბდომიოლიზი (კუნთის სწრაფი შლა) ან თირკმლის უკმარისობა.
ადგილი, სადაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა 38° C-ზე მაღალია, ხოლო ნალექი იშვიათი, პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირს შემოდგომა - ზამთრით უმასპინძლებს.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი კატარსა და ეკვადორს შორის, 20 ნოემბერს გაიმართება, ფინალური მატჩის თარიღი კი 18 დეკემბერია.