ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა სახლს ტოვებს და Britannique-ში ბრუნდება - მიზეზი ძარცვაა

Calcionapoli24-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია კუმაში ნაქირავებ სახლს ტოვებს და დროებით სასტუმრო Britannique-ში ბრუნდება. მისი გადაწყვეტილება ძარცვის ფაქტითაა განპირობებული, მიმდინარე კვირის 4 ნოემბერს ხვიჩას მანქანა მოჰპარეს, რომელიც სამართალდამცავებმა 24 საათზე ნაკლებ დროში იპოვეს.

გასულ ზაფხულში, როცა კვარაცხელია ნეაპოლში ჩავიდა, საწყის პერიოდში სწორედ აღნიშნულ სასტუმრო Britannique-ში ცხოვრობდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ კუმაში ნაქირავები საცხოვრებელი პერსონალურ ფიზიოთერაპევტთან, ხოსე კარლოს მოლინოს დომენესთან ერთად დატოვა. ხოსე კარლოსი გამოცდილი სპეციალისტია, 2019-21 წლებში მადრიდის „რეალში“ მუშაობდა, 2021-22 წლებში კი - ყაზანის „რუბინში“. ხვიჩამ ხოსე კარლოსი რუსულ კლუბში თამაშისას გაიცნო, შემდეგ კი ფეხბურთელის პერსონალური ფიზიოთერაპევტი გახდა.

ხვიჩა „ნაპოლის“ ბაზასთან, „კასტელ ვოლტურნოსთან“ ახლოს ცხოვრობდა, თუმცა ძარცვის გამო ბინის დატოვება გადაწყვიტა. მნიშვნელოვანია იმის თქმაც, რომ მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა ხვიჩას ავტომობილი დაუბრუნეს, მორიგი ძარცვა განხორციელდა, ხვიჩას თანაგუნდელის, კიმის მეუღლეს ავტომობილი მოჰპარეს.

შეგახსენებთ, ხვიჩას მანქანა Mini Countryman-ი 4 ნოემბერს მოჰპარეს. 24 საათზე ნაკლებ დროში იტალიის პოლიციამ მანქანა ნეაპოლთან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე დასახლებაში, ტრენტოლა დუჩენტაში აღმოაჩინა. IL Mattino-ს ცნობით, ავტომობილს დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

ქურდებმა კარგად შეისწავლეს ხვიჩას გადაადგილებები, მისი გრაფიკი, მისი ჩვევები, მისი მოქმედებები, როდის ტოვებდა სახლს, როდის ბრუნდებოდა სახლში, ვის იღებდა სტუმრად და ვისთან ერთად ცხოვრობდა. ქურდებმა სახლის მთავარ შესასვლელს გვერდი აუარეს, სახლის მეორე კარი გააღეს და ასე შეაღწიეს სახლში. როცა მძარცველები სახლში შევიდნენ, ხვიჩას ეძინა.

გასულ წელს „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის Fiat Panda მოჰპარეს, თუმცა მისი პოვნა პოლიციამ ვერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“გასახდელში ასეთი კითხვები არავის სიამოვნებს“ - სპალეტი გააღიზიანეს
“გასახდელში ასეთი კითხვები არავის სიამოვნებს“ - სპალეტი გააღიზიანეს