ხვიჩა კვარაცხელია, ელიფ ელმასი
Aa
Aa

„ეს მხოლოდ ხუმრობა იყო“ - ელმასმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა. მე-13 ტურში „ატალანტა“ ბერგამოში ადემოლა ლუკმენის გოლით „ნაპოლის“ ამარცხებდა, მე-19 წუთზე ნიგერიელმა პენალტი ზუსტად შეასრულა, თუმცა 23-ე წუთზე ზელინსკის ჩაწოდების შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა, 35-ე წუთზე კი ელიფ ელმასმა გამარჯების გოლი შეაგდო, შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდა - 1:2.

გასულ თვეში, ერთ-ერთი თამაშის შემდეგ, როცა ხვიჩა სასტარტოში იყო, ელმასი კი - სათადარიგოთა სკამზე, მაკედონიელმა Instagram-ის „სთორიში“ სათადარიგოთა სკამთან ახლოს გადაღებული ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: „ჩემი პირველი სიყვარული“. მოგეხსენებათ, ხვიჩა ელმასის მთავარი კონკურენტია, მიმდინარე სეზონში ქართველმა გარემარბმა ელმასი ძირითადი შემადგენლობიდან „ამოაგდო“.

მატჩის შემდეგ გამარჯვების გოლის ავტორი ელიფ ელმასი DAZN-მა ჩაწერა. მაკედონიელმა მის უშუალო კონკურენტზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

„რაც სათადარიგოთა სკამზე ყოფნასთან დაკავშირებით დავწერე, ხუმრობა იყო. მე მაშინაც ბედნიერი ვარ, როცა არ ვთამაშობ. პოლემიკაში არ შევდივარ და ბედნიერი ვარ, როცა გუნდი იგებს, ისევე როგორც დღეს. რთული მომენტის შემდეგ ბედნიერი ვარ, რომ მწვრთნელმა ნდობა გამომიცხადა და ჩემმა გოლმა გუნდს გამარჯვება მოუპოვა. სწორ გზაზე ვართ, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი.

„ატალანტასთან“ მატჩამდე ორი საათით ადრე მწვრთნელმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა. ცოტა დასტრესილი ვიყავი, რადგან დიდი ხნის განმავლობაში არ მითამაშია, მაგრამ ყოველთვის მზად ვარ, რომ გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო. კვარა ბრწყინვალე ადამიანია. რაც ნეაპოლში ჩამოვიდა, ყოველთვის ვცდილობდი დავხმარებოდი. ის ძალიან კარგად თამაშობს და მისით ბედნიერი ვარ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები