თორნიკე შენგელია
Aa
Aa

კაპიტანი დაბრუნდა - თორნიკე შენგელიამ ვირტუს ბოლონიას რიგებში ითამაშა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია დიდხნიანი პაუზის შემდეგ, პარკეტს დაუბრუნდა. „ვირტუს ბოლონიას“ ლიდერმა მიმდინარე სეზონის სადებიუტო შეხვედრა ევროლიგაზე, „ლიონ ვილერბანის“ წინააღმდეგ ჩაატარა. სამწუხაროდ, თოკოს დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა და მისი გუნდი 79:84 დამარცხდა.

შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 16 წუთი და 38 წამი გაატარა. ამ დროში, მისი მონაგარი 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა, გახლდათ. თორნიკემ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამქულიანი გამოიყენა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 4 გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ტრავმა ნიდერლანდებთან მატჩში მიიღო, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა. თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ მას ოპერაცია ჩაუტარდებოდა, თუმცა პირველ სექტემბერს ჩატარებული გამოკვლევიდან გამომდინარე, შენგელია ქირურგიულ ჩარევას გადაურჩა.

30 წლის კალათბურთელი „ვირტუს ბოლონიას“ 2022 წლის მარტში შეუერთდა და კლუბთან ერთად ევროთასის გამარჯვებული გახდა. იტალიის ჩემპიონატის ეგიდით, მან მონაწილეობა 19 შეხვედრაში მიიღო და 12.8 ქულას, 5.2 მოხსნას და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები