დიდი შანსია მუნდიალი გამოტოვოს - სონს ოპერაცია ჩაუტარდება
„ტოტენჰემის“ ფეხბურთელს, სონ ჰიონ მინს თვალის ბუდის 4 მოტეხილობა აღენიშნება. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, The Telegraph-მა გაავრცელა და დაწერა, რომ არის შანსი, მან მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს.
სონს ოპერაცია სჭირდება და ქირურგიული ჩარევა ამ უქმეებზე იყო დაგეგმილი, მაგრამ პარასკევისთვის გადაიტანეს. ეს სამხრეთ კორეელს დამატებით დღეს მისცემს, რათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მწყობრში ჩადგეს, რომელსაც მისი გუნდი 24 ნოემბერს დაიწყებს.
Telegraph-ის ცნობით, ქირურგიულ ჩარევამდე, შეუძლებელია იმის თქმა, შეძლებს თუ არა სონი მუნდიალზე გამგზავრებას, მაგრამ არის შანსი, რომ მან თავისი ეროვნული გუნდის დახმარება მოახერხოს. თუ ოპერაცია გართულებების გარეშე ჩატარდა, ეს გადაულახავი გამოწვევა არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღო. იგი „მარსელის“ უკანახაზელს, შანსელ მბემბას შეეჯახა და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. ცნობისთვის, სამხრეთ კორეა ჯგუფში ურუგვაისთან, პორტუგალიასთან და განასთან ერთად იმყოფება.