„დინამო უკეთესი იყო“ - ვაისმა ბათუმში გამარჯვება გაიხსენა
UEFA-ს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბრატისლავას „სლოვანმა“ შედეგიანად იასპარეზა და 1/16-ფინალში გავიდა, რაც კლუბისთვის ისტორიული წარმატებაა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ვლადიმირ ვაისის გუნდმა „ჟალგირისი“ სტუმრად დაამარცხა (1:2).
მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელმაც საგოლე პასი შეასრულა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. მატჩის მიწურულს ქართველ ფეხბურთელს პენალტის გატანაც შეეძლო, მაგრამ პანენკას სტილში დარტყმა არ გამოუვიდა. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო „ჩაკვე“ მეორე დამატებულ წუთზე შეცვალეს.
მატჩის შემდეგ ვაისმა ბევრ თემაზე ისაუბრა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოსთან“ გასვლითი მატჩი გაიხსენა, როცა „სლოვანმა“ დრამატულ შეხვედრაში გაიმარჯვა.
„მიმდინარე ევროსეზონის მოგზაურობა ადვილი არ ყოფილა. ბათუმში გამართულ შეხვედრაში ევროტურნირისთვის ფიზიკურად მზად არ ვიყავით, ოპონენტი უკეთესი იყო, მაგრამ კუთხურიდან გავიტანეთ და ამ მომენტმა თამაში შეცვალა. მაშინ გუნდს მივმართე, რომ ამგვარი გამარჯვებები ფეხბურთელების ხასიათს ცვლიდა, ასეც მოხდა, „ფერენცვაროშის“ დამარცხებასთან ახლოს ვიყავით. შემდეგ იყო „ოლიმპიაკოსთან“ და „მოსტართან“ მატჩები, როცა ქომაგებისგან მხარდაჭერა ვიგრძენით, მათგან დიდი ემოცია მივიღეთ“.
H ჯგუფში „სლოვანი“ 11 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, ასევე 11 ქულაა „ბაზელის“ ანგარიშზე. „პიუნიკი“ და „ჟალგირისი“ გათამაშებას გამოეთიშნენ.