ბრაის მიტჩელი: „თოფურია ძლიერია და რთულ ჩხუბს ველოდები“
UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას მომდევნო მეტოქემ, ბრაის მიტჩელმა „ელ მატადორზე“ ისაუბრა. მიტჩელმა განაცხადა, რომ წინ რთული ჩხუბი ელის, თუმცა დასძინა, რომ მისი აზრით, ილიას წონის დაფიქსირება გაუჭირდება.
როგორ მოხდა ჩხუბის ჩანიშვნა
„რეალურად, სხვა ვარიანტი არ ყოფილა და ეს ყველაფერი ჩემს კონტროლქვეშ არაა. მითხრეს, რომ ამ ბრძოლის გამართვა ჩემთვის საჭირო იყო და თანხმობა განვაცხადე. ეს ბიჭი მიწვევდა და იღებს იმას, რაც უნდოდა. მან ლატარიაში მოიგო. უამრავ სიბინძურეს ამბობდა და მიიღო ჩხუბი, რომელიც უნდოდა. 5 ნოემბერს უნდა მეჩხუბა და ილია ბევრს ლაპარაკობდა, მაგრამ როცა ეს თარიღი შევთავაზეთ, უარი განაცხადა. საბოლოოდ, ბრძოლა უფრო გვიან ჩავნიშნეთ და ეს ჩემთვის პრობლემა არაა“.
თოფურიას წონა და პრობლემები, რომლებიც ამაზე ჰქონდა
„მკითხეს, მინდოდა თუ არა ამ ბრძოლის მსუბუქ წონით დივიზიონში გამართვა, რაზეც უარი ვთქვი. როგორც აღვნიშნე, არის რაღაცები, რაც ჩემს კონტროლქვეშ არაა, მაგრამ ველოდები, რომ თოფურიას წონის დაფიქსირების პრობლემები ექნება. მსგავსი რამ წარსულშიც ყოფილა და ახლაც იგივე მოხდება“.
თოფურიასთან ჩხუბი
„დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებ და სულერთია, ბრძოლა დგომში წარიმართება თუ პარტერში. ჯაი ჰერბერტთან თოფურია მარცხთან ახლოს იყო და სწორედ ასეთი მომენტებისას ჩანს მებრძოლთა ხასიათი. ის მტკიცე და ძლიერი ბიჭია, დაბრკოლებების გადალახვა შეუძლია და ველოდები, რომ წინ რთული ბრძოლა მელის“.
ცნობისთვის, „ელ მატადორს“ 30 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. ბრაზილიელმა ვეტერანმა ტრავმა მიიღო და ილია მეტოქის გარეშე დარჩა. თოფურიას კარიერაში 12 ბრძოლა აქვს გამართული და არც ერთხელ დამარცხებულა. მიტჩელს რაც შეეხება, მის ანგარიშზე 15 მოგება და 0 წაგებაა.