6 კვირის წინ - პავარი პოლიციამ დააკავა და ცნობილი დღეს გახდა
ბოლო პერიოდში, ბენჟამინ პავარის ირგვლივ არასასიამოვნო სიტუაციაა. ფრანგმა ფეხბურთელმა მიუნხენის „ბაიერნის“ ძირითადად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ნაგელსმანის თქმით, ის ვარჯიშებზე არასათანადოდ გამოიყურება. ამ ყველაფერს კი არასპორტული უსიამოვნებაც დაემატა.
გერმანული ავტორიტეტული გამოცემა ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ დაახლოებით 6 კვირის წინ პავარი პოლიციამ დააკავა. მიზეზი კი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა გახდა.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, ვიგებთ, რომ ბენჟამინს მართვის მოწმობა ჩამოართვეს და ფულადი სანქცია დააკისრეს. ეს ინციდენტი უყურადღებოდ არც კლუბმა დატოვა. ჰასან სალიჰამიჯიჩმა ფრანგ უკანახაზელს ფულადი სანქცია დააკისრა და აღნიშნული თანხა 5-ციფრიანია.
უფრო საინტერესო კი ის გახლავთ, რომ „ბაიერნს“ ამ ინფორმაციის გახმაურება არ სურდა. BILD-ის ცნობით, ინფორმაციამ შიდა სამზარეულოდან გამოჟონა. ამაზე კი „რეკორდმაისტერის“ ბოსებს გამოძიება აქვთ დაწყებული.
შეგახსენებთ, რომ ბენჟამინ პავარი მიუნხენის „ბაიერნში“ 2019 წლიდან თამაშობს. დღემდე, 26 წლის ფეხბურთელმა „რეკორდმაისტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 136-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.