მილანი, ჩემპიონთა ლიგა, ზალცბურგი
Aa Aa

მილანი VS ზალცბურგი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „მილანი“ „ზალცბურგს“ უმასპინძლებს. ამ მატჩს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. წაგების შემთხვევაში, „როსონერი“ ჯგუფში ჩარჩება. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, CrystalSport ყველა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

ამ გუნდების წინა მატჩი

ბევრისთვის მოულოდნელად, ავასტრიაში გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან თავი ოკაფორმა გამოიჩინა, ხოლო წონასწორობა საელემაეკერსმა აღადგინა.

„მილანი“

გასული სეზონის მსგავსად, „როსონერი“ წელსაც ჩემპიონობისთვის იბრძვის, თუმცა სერია ა-ს ბოლო ტურში დაუგეგმავი ქულები დაკარგა. „მილანი“ „ტორინოს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ლიდერ „ნაპოლისთან“ კი ქულათა სხვაობა ახლა 5-ს შეადგენს. შეიძლება ითქვას, რომ იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურს ცუდ ხასიათზე ხვდება.

დანაკლისი:

„მილანის“ პრობლემები არ მთავრდება. სტეფანო პიოლის „ზალცბურგთან“ მატჩში კალაბრია, იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი და საელემაეკერსი დააკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მენიოს და დესტის თამაში.

რა თქვა პიოლიმ მატჩის წინ?

„აქ ყოფნა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, ეს დავიმსახურეთ. მერვედფინალში გასვლა ჩვენი მთავარი მიზანია. გუნდმა კარგად იცის, თუ როგორ გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი და მძიმე მატჩები ჩავატარეთ. „ტორინოსთან“ წაგებით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ, როგორც ტონალიმ აღნიშნა, ხვალინდელ მატჩზე სრული კონცენტრაცია გვაქვს.

მოედანზე ფრისთვის არ გავალთ. ენერგიების დაზოგვას არ ვაპირებთ. მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. კომპაქტურად და გაწონასწორებულად უნდა შევუტიოთ, რადგან „ზალცბურგი“ კონტრ-შეტევებზე საკმაოდ სახიფათო გუნდია. ლეაო „ტორინოსთან“ წაგებით იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ, როდესაც მე ის უკანასკნელად ვნახე იღიმოდა და კარგ ხასიათზე იყო.“

„ზალცბურგი“

მიმდინარე სეზონში, „ზალცბურგი“ შიდა ჩემპიონატში დამაჯერებლად თამაშობს და 33 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზეა. მეორე პოზიციას კი 31 ქულით ოთარ კიტეიშვილი „შტურმი“ იკავებს.

ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში „ზალცბურგმა“ „ჰარტბერგს“ უმასპინძლა და ოკაფორის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

დანაკლისი:

ამ მხრივ ავსტრიელებსაც პრობლემები აქვთ. „მილანთან“ მატჩში მონაწილეობას კაპალდო, ფერნანდო, ოკოჰი და ტიჯანი ვერ მიიღებენ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სოლეტის და კოიტას თამაშიც.

რა თქვა ჯეისლიმ მატჩის წინ?

„ეს მატჩი ჩვენთვის ფინალია. ჩვენ კი ამ ფინალის მოგება გვსურს. ბედნიერი ვარ ჩვენი გულშემატკივრებით. მე ისინი აეროპორტში დავინახე და დიდი მადლობა მათ, რომ „მილანში“ ჩამოვიდნენ.

წინ საკმაოდ რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ არასდროს იცი წინასწარ რა მოხდება. ჩემს გუნდს „მილანის“ დამარცხების ძალა შესწევს. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე ფავორიტია მითუმეტეს მაშინ, როდესაც საკუთარ კედლებში თამაშობს. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი მიზანი გამარჯვებაა.“

 

ცნობისთვის, ჯგუფს 10 ქულით „ჩელსი“ ლიდერობს, „მილანი“ 7 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ზალცბურგი“ 6 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება ზაგრების „დინამოს“ ხორვატიული კლუბი 4 ქულით ცხრილის ბოლო საფეხურზეა.

გაზიარება: