სკანდალი სერბეთში - მამამ კორტზე მყოფ შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
28 ოქტომბერს, სერბმა მსახიობმა, იგორ იურიჩმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ბელგრადული კლუბის, „ცრვენა ზვეზდას“ საჩოგბურთო კორტზეა გადაღებული. მასზე ასახულია მამაკაცი, რომელიც ახალგაზრდა გოგონას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. თავდაპირველად, იგი გოგონას თავში ურტყამს, შემდეგ კი, როცა ის სკამზე ჯდება, თიხაზე აგდებს და ფეხით უსწორდება.
იურიჩის მტკიცებით, ეს ვიდეო კლუბში მომუშავე ერთ-ერთმა მწვრთნელმა მიაწოდა და მასზე მამა და შვილი არიან ასახული, რომლებიც სერბეთში ჩინეთიდან ჩავიდნენ. იურიჩის თქმით, ეს საშინელი ქმედება გოგონასთან მომუშავე ერთ-ერთი მწვრთნელის შენიშვნამ განაპირობა, რომელმაც მას უთხრა, რომ ვარჯიშისას სათანადოდ არ იხარჯებოდა.
იურიჩმა ვიდეო სამართალდამცველებს უკვე გადაუგზავნა და პროკურატურის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მამაკაცი იძებნება. სერბი მსახიობის თქმით, მან, როგორც მამის, ისე მისი შვილის სახელი იცის და პოლიციის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.
ზემოთ ხსენებულ ვიდეოს 1.1 მილიონი ნახვა აქვს და უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. წყვილთა შორის დიდი სლემის 21-გზის ტრიუმფატორი, პემ შრაივერი ცდილობს, საქმეში ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩართოს. მისი თქმით, ყველამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რათა ოჯახური ძალადობა შეწყდეს.