მესი პარი სენ-ჟერმენში ბედნიერია - კლუბი მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ლიონელ მესის შესახებ უცხოური გამოცემები აქტიურად წერენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ლა პულგას“ საკუთარ რიგებში ხილვით „ბარსელონა“ ინტერესდებოდა, გუშინ კი გვაუწყეს, რომ მისი გაფორმების კარგი შანსი „ინტერ მაიამის“ აქვს. ამ ცნობებს სატრანსფერო ექსპერტი, ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა და არგენტინელი სუპერვარსკვლავის გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
რომანოს მიხედვით, ამ წუთისთვის, მესი „პარი სენ-ჟერმენში“ ბედნიერია. იგი კლუბის პროექტით კმაყოფილია და ლიგა 1-ში არსებული ატმოსფერო მოსწონს. ამასთან, მას გუნდის მთავარ მწვრთნელთან, კრისტოფ გალტიესთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ფრანგული გრანდი მის შენარჩუნებას აპირებს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, „პარი სენ-ჟერმენი“ „ლა პულგას“ ახალ კონტრაქტს აუცილებლად შესთავაზებს, რომელიც სავარაუდოდ, 1 სეზონზე იქნება გათვლილი. ლეოს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია და არჩევანს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, 35 წლის შემტევის ანგარიშზე 17 მატჩში გაფორმებული 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.