კვარას მაისური, რომელიც იტალიელმა ქომაგმა მოიპარა, ქართველებს დაუბრუნეს
სერია A-ს მე-12 ტურში „ნაპოლიმ“ „სასუოლოს“ დამაჯერებლად მოუგო და 4:0 იმარჯვა. მატჩის შემდეგ, სახალისო ფაქტი დაფიქსირდა. ხვიჩა კვარაცხელია ტრიბუნებთან მივიდა, სადაც ქართველი ქომაგები იყვნენ შეკრებილი და მათი მიმართულებით თავისი მაისური ისროლა, თუმცა სულ ტყუილად. იტალიელმა გულშემატკივარმა ქართველებს დაასწრო და დიდი ბრძოლის შემდეგ მაისურთან ერთად გაიქცა.
„პარტენოპეის“ ქომაგის ჟესტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სოციალურ ქსელებში იგი ბევრმა გააკრიტიკა. რამდენიმე წუთის წინ, ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ, La Repubblica-მ ამ ფაქტს სტატია მიუძღვნა და საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. La Repubblica italianjerseycollector-ზე დაყრდნობით წერს, რომ „ნაპოლის“ ულტრასმა გულშემატკივრებმა იტალიელი ქომაგი მალევე იპოვეს, 77-ნომრიანი მაისური გამოართვეს და იგი „კანონიერ“ მფლობელს დაუბრუნეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს მოედანზე რამდენიმე საათში ვიხილავთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულს“ დაუპირისპირდება და პირველადგილოსნის ვინაობას გაარკვევს.