ჰამშიკმა კვარა შეაქო - „მოედანზე არაჩვეულებრივ რაღაცებს აკეთებს“
„ნაპოლის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, მარეკ ჰამშიკმა ხვიჩა კვარაცხელიაზე და ლუჩანო სპალეტის გუნდზე ისაუბრა. ნეაპოლელთა ყოფილმა მოთამაშემ DAZN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც, „კვარაზე“ და სპალეტის ფორმაციის „პარტენოპეიზე“ ჰკითხეს.
„ნაპოლის დატოვების შემდეგ, ამ გუნდისთვის თვალის დევნება არასდროს შემიწყვეტია. გასულ სეზონში, პარტენოპეის კარგი სტარტი ჰქონდა, მაგრამ ვხედავ, რომ ახლა უფრო მეტად თავდაჯერებულნი არიან. სპალეტის ძალიან დაბალანსებული ნახევარდაცვა ჰყავს. იქაა ლობოტკა, ვინც ბურთს ანაწილებს და მარტივად თამაშობს. ზელინკსი, ვინც მნიშვნელოვან მოქმედებებს საკუთარ თავზე იღებს და ზამბო ანგისა, ვინც გუნდს კარგად ერგება. როგორც აღვნიშნე, ძალიან დაბალანსებული ხაზია და ჩვენს ნახევარდაცვას, რომელშიც მე, ალანი და ჟორჟინიო ვიყავით, ძალიან ჰგავს.
ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, მასზე მეც არაფერი ვიცოდი და ის წარმოუდგენელი სიურპრიზი აღმოჩნდა. ხვიჩა არაჩვეულებრივ რაღაცებს აკეთებს“.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს მოედანზე რამდენიმე საათში ვიხილავთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულს“ დაუპირისპირდება და პირველადგილოსნის ვინაობას გაარკვევს.