ბითაძის პროდუქტიული მატჩი - ინდიანამ მინუს 24 აღმოფხვრა, მაგრამ მაინც წააგო
გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსის“ 2-მატჩიანი წაუგებელი სერია „ბრუკლინ ნეთსთან“ შეწყდა. გამთენიისას გამართული შეხვედრა საინტერესო გამოდგა და „ნეთსის“ გამარჯვებით დასრულდა - 116:109. „ბრუკლინი“ მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა და მეორე მეოთხედში 24-ქულიანი უპირატესობაც ჰქონდა, თუმცა „ინდიანა“ თამაშში დაბრუნდა და დასკვნით მეოთხედში ანგარიშიც გაათანაბრა - 100:100. სამწუხაროდ, ეს „პეისერსის“ მაქსიმუმი აღმოჩნდა და ბოლო წუთებში უკეთ „ნეთსის“ კალათბურთელებმა იასპარეზეს.
გოგამ პროდუქტიული მატჩი ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ პარკეტზე მხოლოდ 7 წუთი და 49 წამი გაატარა, აქტივში 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. ბითაძემ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამიანი არ უსვრია და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. მისი პარკეტზე ყოფნისას, „ინდიანამ“ მეტოქეზე 10-ით მეტი ქულა მიითვალა, რაც „პეისერსის“ რიგებში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი იყო.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელს რაც შეეხება, კევინ დურანტმა ბრწყინვალედ იასპარეზა და 36 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. „კეიდიმ“ ვინს კარტერს გადაასწრო და NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულეთა სიაში მე-19 ადგილზე გადაინაცვლა. კაირი ირვინგის ანგარიშზე 28 ქულა, 6 მოხსნა და ამდენივე ასისტი გახლდათ, ნიკ კლაქსტონმა კი 18 ქულა მიითვალა. „ინდიანას“ მხრიდან 30 ქულით კრის დუარტე გამოირჩა. ბადი ჰილდმა 22 ქულა ჩააგდო, ბენედიქტ მატურინმა 16 ქულა გაიფორმა, ხოლო ტაირიზ ჰალიბერტონმა - 11.
ამრიგად, „ინდიანას“ 3 მოგება და 5 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს. „პეისერსის“ მომდევნო გაჩერება „მაიამი ჰიტია“, რომელსაც 5 ნოემბერს უმასპინძლებს.