ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ნაპოლი“ „ლივერპულს“ ესტუმრება. მატჩის წინ, CrystalSport ყველა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.
სიტუაცია ჯგუფში:
ამ მომენტისთვის, „ნაპოლი“ 15 ქულით ჯგუფის ლიდერია. „ლივერპული“ კი 12 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. იმისათვის, რომ მერსისაიდულმა გრანდმა მერვედფინალში პირველი ადგილით გააღწიოს, „პარტენოპეის“ 4 ბურთით დამარცხება სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნეაპოლში გაიმართა და სპალეტის შეგირდებმა ძალიან მარტივად 4:1 მოიგეს. გამარჯვებაში თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც საგოლე პასი შეასრულა და მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიური იყო.
„ნაპოლი“
„პარტენოპეი“ „ლივერპულთან“ დაპირისპირებას შესანიშნავ ხასიათზე ხვდება. ამ მომენტისთვის, „ნაპოლი“ სერია ა-ს 32 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარს „ატალანტას“ 5 ქულით უსწრებს.
სერია ა-ს გასულ ტურში „ნაპოლიმ“ სასუოლოს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ 2 საგოლე პასი შეასრულა და 1 გოლი გაიტანა. ვიქტორ ოსიმენმა კი ჰეთ-თრიკი შეასრულა.
დანაკლისი:
რეალურად, ამ მხრივ ლუჩიანო სპალეტის პრობლემები არ აქვს. გუნდს ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ ერთი ფეხბურთელი აკლია. ტრავმის გამო „ნაპოლის“ რაჰმანი ვერ ეხმარება. ასევე ტრავმირებულია სალვატორე სირიგუ, რომელიც სასტარტო თერთმეტეულის წევრად არ განიხილება.
რა თქვა სპალეტიმ მატჩის წინ ?
„კვარაცხელია და სალაჰი? ისინი არიან მოთამაშეები, რომლებიც სხვადასხვა გზით ახერხებენ ბრწყინვალე თამაშს. თქვენ შეგიძლიათ მათ ბურთი გადაუგდოთ და ისინი მომენტს შექმნიან. ისინი ძალიან მარტივად თამაშობენ. დამიზნება, მოწინააღმდეგისკენ გიჟური სისწრაფით მიდიან და ამ სისწრაფის დროს ბრწყინვალედ მოქმედებენ. ისინი ხვალ, სწორედ ასე მოიქცევიან.
ვფიქრობ, „ლივერპული“ 4:0-ის მოგებაზე არ ფიქრობს. ზუსტად ეს თქვა კლოპმაც და ამან ჩემი აზრები უფრო გაამყარა. იურგენმა ბევრი კომპლიმენტი თქვა ჩემზე და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ასევე ვფიქრობ, რომ „ლივერპულის“ სტილი არ გადაგვიღია. კლოპი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მისი გუნდის შედეგებმა ეს დაადასტურეს.
„ლივერპულის“ ბოლო მატჩის შედეგები არაფერს ნიშნავს. ამაზე აქცენტი არ უნდა გავაკეთოთ. ისინი ძალიან ძლიერები არიან და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ხვალინდელ მატჩში იქნება მომენტები, როდესაც ჩვენ მოწინააღმდეგეს სისწრაფეში უნდა ავყვეთ და ამ დროს უდიდესი ხარისხის გამოვლენა დაგვჭირდება. მოწინააღმდეგეს ჩვენი ინტენსივობა უნდა მოვახვიოთ.
2 თვის წინ, რომ გეკითხათ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს აქ 15 ქულით ლიდერები ვიქნებოდით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ნაპოლი“ სწორად მუშაობს, სწორად ვითარდება და გუნდში ყველაფერი იდეალურად არის. ჩემი ბიჭებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ.“
„ლივერპული“
მიმდინარე სეზონში, იურგენ კლოპის გუნდი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგაში ბოლო ორი შეხვედრა წააგო და ჩემპიონთა ლიგის ზონას კიდევ უფრო ჩამოშორდა.
უკანასკნელ ტურში, „ლივერპულმა“ „ლიდსს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ამ მომენტისთვის, მერსისაიდული გრანდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.
დანაკლისი:
„ლივერპულის“ არასახარბიელო სეზონი სწორედ ტრავმებმა გამოიწვია. ამ მომენტისთვის, იურგენ კლოპს „ნაპოლისთან“ არტური, ლუის დიასი, ნაბი კეიტა და დიოგო ჟოტა ვერ დაეხმარება. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჟოელ მატიპის თამაშიც, თუმცა ის განაცხადში იმყოფება.
რა თქვა კლოპმა მატჩის წინ?
„არ ვიცი ვინ არის მზად და ვინ არა. ექიმის პასუხს ველოდები. გარისკვა არ გვინდა. ორი აზრი არ არის, რომ „ნაპოლი“ დიდებულ ფეხბურთს თამაშობს და საოცარ ფორმაში იმყოფება. რა თქმა უნდა, გამარჯვება გვინდა, მაგრამ 4:0-ის მოგებაზე არ ვფიქრობთ. უბრალოდ გამარჯვება გვსურს. ძირითად შემადგენლობას ხვალ შევარჩევ. რევანშის აღებაზე არ ვფიქრობ. ჩვენთვის მთავარი ჯგუფიდან გასვლა იყო და ეს მოვახერხეთ.
ჩვენ ვხვდებით გუნდს, რომელიც ბრწყინვალედ თამაშობს კონტრ-შეტევებზე და დაცვაში ძალზედ საიმედოა. როგორი განწყობით ვხვდებით მატჩს? ამაზე მოგვიანებით ვიფიქრებ. როგორც ახლა „ნაპოლი“ თამაშობს, თავისუფლად შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა. არ ვიცი ისინი ჩვენ სტილს ბაძავენ თუ არა. სპალეტი გამოცდილი და დიდებული სპეციალისტია.”
Gazzetta-ს გამოხმაურება:
„ლუჩიანო სპალეტის „ნაპოლი“ ნამდვილი მუსიკალური ორკესტრია. გუნდში სოლისტების ნაკლებობას არ განიცდიან. ოსიმენს და კვარაცხელიას ევალებათ, რომ დაამტკიცონ, თუ რას აშენებს იტალიელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონში. ორივე ფეხბურთელი გადამწყვეტი უნდა გახდეს ამ დიდებული გამოწვევის წინ. ეს ევროპული დონეა და ხვალ მათ „ლივერპულთან“ დიდი გამოწვევა ელით.
ახლა, ხვიჩა და ვიქტორი ისევ ერთად არიან და შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. ეს მათ სერია ა-ს გასულ ტურში „სასუოლოს“ წინააღმდეგ დაამტკიცეს. ორივე ფეხბურთელი ასეთ გამოწვევებზე ოცნებობს, რათა კიდევ უფრო აიმაღლონ თავი და საკუთარი კვალი დატოვონ.
კვარაცხელია და ოსიმენი აბსოლუტურად თანამედროვე შემტევ დუეტს ქმნიან. ნიგერიელი თავდამსხმელი შეტევაში სივრცეებს აჩენს, სადაც ხვიჩა ჩნდება და ყოველთვის მზად არის ხიფათის შესაქმნელად ან საგოლე გადაცემის შესასრულებლად. ორივეს 8 გოლი აქვს გატანილი და ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში არიან.“
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „ნაპოლის“ მომავალი დაპირისპირება პირველი ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.