19 ნოემბერს რუსეთთან არ ითამაშებენ - ბოსნია და ჰერცეგოვინის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება
19 ნოემბერს, რუსეთისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი უნდა გამართულიყო, მაგრამ ვითარება შეიცვალა. რამდენიმე წუთის წინ, ბოსნია და ჰერცეგოვინის ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა და საკუთარი გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.
„საფეხბურთო მატჩი, რომელიც 19 ნოემბერს, სანქტ-პეტერბურგში უნდა გამართულიყო, ამ დღეს აღარ გაიმართება. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, მატჩის გადადება გადაწყდა. ბოსნია და ჰერცეგოვინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიჩო ზელიკოვიჩმა განაცხადა, რომ სამომავლოდ, ერთ-ერთი თარიღის არჩევა შეიძლება“.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და ბოსნიელები უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა. მათ შორის იყო მირალემ პიანიჩი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არასწორი არჩევანი იყო. მისი თქმით, ეს ცუდი გადაწყვეტილებაა და ვითარების გამოსწორება აუცილებლობას წარმოადგენს.
ცნობისთვის, იმავე პოზიციას იკავებს ბოსნია და ჰერცეგოვინის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი, დენის ჰაჯიკადუნიჩი. ამ უკანასკნელის მიხედვით, ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს ინფორმაცია არ მიუღიათ და არჩევანი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს.