ჩელსი, რეალი, არიენ რობენი, ბიაერნი
Aa Aa

“დრო აღარ რჩება, 89-ე წუთი ახლოვდება“ - მე არიენ რობენი ვარ

„ძვირფასო 16 წლის არიენ რობენ..

ხუთშაბათი დილაა და დედაშენი მაშინ გირეკავს, როდესაც სკოლაში ხარ.. რეკავს.. რეკავს.. რეკავს.. გაუთავებლად რეკავს..

რამე ხომ არ ხდება? დაფიქრდები, რადგან დედა არასდროს გირეკავდა, როცა სკოლაში იყავი..

პირველ რიგში, არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად არის. აღმოაჩენ, რომ ყველაფერი მართლაც იდეალურად არის, მაგრამ არ დაიჯერებ იმას, რასაც დედა გეტყვის..

როდესაც შესვენებაზე გადაურეკავ, აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვლება, თან ძალიან სწრაფად..

ასე რომ, სანამ გადაურეკავ და ეს ყველაფერი მოხდება, ნება მომეცი ერთი რჩევა მოგცე. ფეხბურთი ყოველთვის იმ შიმშილით ითამაშე, როგორიც ბავშვობიდან გქონდა. შეინარჩუნე სწრაფვა გაუმჯობესებისთვის! გააკეთე მეტი, რათა საუკეთესო იყო!

დაიმახსოვრე ხომ? რაც არ უნდა მოხდეს, ეს შიმშილი არასდროს დაივიწყო!

დილით, დედასთვის „გრონინგენის“ პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელს დაურეკავს და უთქვამს, რომ აუცილებლად უნდა გაემგზავრო, რათა მატჩში მონაწილეობა მიიღო.

ეს წარმოუდგენელი იყო..

რატომ ვიხსენებ ამას? ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ იმ მომენტზე.. მომენტი, როდესაც ყველაფერი მართლა დაიწყო.. პირველი სეზონის დასასრული კარგად გემახსოვრება.. ახლა კი 38 წლის ვარ და კარიერაც სწორედ „გრონინგენში“ დავასრულე.. რა იქნება შემდეგ?!

როდესაც კარიერას დაასრულებ, ფიქრი პირველ წლებზე სულ უფრო გაგიძლიერდება. ყველაფერი უფრო რეალური მაშინ გახდება, როცა თამაშს შეწყვეტ..

იცი რა მოხდება „გრონინგენში“ ჩასვლის შემდეგ? შანსი გექნება პსვ-ში ითამაშო. პსვ-ში თამაში „ჩელსის“ კარს გაგიხსნის. 20 წლის ასაკში პრემიერ ლიგაში ითამაშებ!

და შენი მწვრთნელი? მას ჟოზე მოურინიო ერქმევა. ამისთვის კარგად უნდა მოგამზადო, რადგან ის შენგან ძალიან ბევრს მოელის. შენ ნამდვილად იგრძნობ განსხვავებას პრემიერ ლიგასა და ერედივიზიონს შორის. ინგლისში უფრო მკაცრი, ძლიერი და სწრაფი უნდა იყო..

როგორც კი „ჩელსიში“ მიხვალ, შენი თავის დამკვიდრება მოგიწევს. მოურინიოს ყველაფერი უნდა დაუმტკიცო, რომ მუდმივად ძირითად შემადგენლობაში იყო. ჟოზე მომთხოვნი და ძლიერი პიროვნებაა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლონდონში გადაბარგდები, შენი თავის მიმართ შენც მომთხოვნი გახდები.

გარკვეულწილად ამ ყველაფერს სრულყოფილებად აღიქვამ. „განსაკუთრებულს“ შენი საუკეთესო თვისებების ნახვა სურს მოედანზე. თავი არ უნდა დაზოგო..

ტრავმებმა არ შეგაშინოს..

სამწუხაროდ ინგლისში ცუდად დაიწყებ. წინასასეზონო მოსამზადებელ მატჩში ფეხი მოგტყდება.. 2 თვეზე მეტი მოწყენილი იქნები და ბურთს ვერ გაეკარები. საბედნიეროდ ამ ყველაფერს მოტივაციად აქცევ. მოინდომებ, რომ მოურინიოს, გულშემატკივრებს და მთელს მსოფლიოს დაუმტკიცო, თუ რა შეგიძლია.

და შენ 2004 წლის ნოემბერში, „სტემფორდ ბრიჯზე“ 72-ე წუთზე გატანილი გოლით დაბრუნდები..

მარჯვენა ფლანგიდან, ზუსტად საჯარიმოს წინ იდგები და მარცხენა ფეხით დაარტყამ..

ზოგადად, მარჯვენა ფლანგიდან მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში დარტყმა შენი საფირმო ილეთი გახდება და ამაზე ძალიან, ძალიან, კოლოსალურად ბევრი უნდა იმუშაო! ეს იმაზე მეტჯერ გამოგადგება, ვიდრე წარმოგიდგენია.. დამიჯერე..

ლონდონური ცხოვრება მხოლოდ 2 წელი გაგრძელდება, მაგრამ „ჩელსი“ შენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.. ბევრი ტრავმა შეგაწუხებს, მაგრამ ეს გუნდი განსაკუთრებით გეყვარება.. მოურინიოს ყოველთვის დავაფასებ, რადგან მან საოცარი სიძლიერის „ჩელსი“ შექმნა..

ეს მარტო იმიტომ არ მომხდარა, რომ გუნდში ლამპარდი, დროგბა და ჩეხი თამაშობდნენ..

ეს ფეხბურთელები მოედნის გარეთაც დიდ სამუშაოს ასრულებდნენ..

იმ გუნდში ყველა ერთმანეთზე ფიქრობდა.. ყველა კლუბზე ფიქრობდა.. ატმოსფერო იმ პერიოდში… საოცარი იყო.. შენს თვალწინ უამრავი ფეხბურთელი ჩაივლის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჯონ ტერი იქნება.. არა მხოლოდ შენთვის, არამედ ყველასთვის!

რისი სწავლა შეუძლია ნიდერლანდელ გარემარბს ინგლისელი ცენტრალური მცველისგან?

ყველაფრის!

ყველაზე მნიშვნელოვანი ის იქნება, თუ რა საჭიროებას შეიძენს ტერი, როგორც კაპიტანი და ლიდერი.. ის იქნება ადამიანი, რომელთანაც ყველაფერზე საუბარს შეძლებ. ჯონი ყოველთვის გაგამხნევებს და საჭირო რჩევებს მოგცემს. მისგან, რაც შეიძლება მეტი უნდა ისწავლო.

ტერი პირველიდან ბოლო წუთამდე გუნდზე ზრუნავს.. ის ამას მოედნის გარეთაც აკეთებს..

დარწმუნებული არ ვარ, რომ მაგ პერიოდში მიხვდები, თუ რა გავლენა მოახდინა შენზე ჯონმა.. ამიტომ, აუცილებლად მიიღე მისგან ყველაფერი, რადგან მთელი შენი კარიერის განმავლობაში ტერისნაირ ფეხბურთელთან ერთად ვეღარ ითამაშებ..

ნიდერლანდებში ტიტულები მოიგე, მაგრამ „ჩელსიში“ შენ ახალ ისტორიას დაწერ. 50-წლიანი პაუზის შემდეგ, „არისტოკრატებთან“ ერთად პრემიერ ლიგას მოიგებ! ამ დროს თავს სრულყოფილად ვერ იგრძნობ, რადგან ისევ ტრავმას მიიღებ. მიუხედავად ამისა, ისიამოვნე იმ მომენტით.. დატკბი და დააფასე სათანადოდ, რადგან იმ გუნდის ნაწილი იქნები და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდი..

შემდეგ კი დაეხმარე გუნდს კიდევ ერთი ტიტულის მოპოვებაში მომდევნო სეზონში..

და მერე?

შემდეგი ნაბიჯი იქნება..

მადრიდის „რეალი“

ინგლისში, პირველივე დღიდან ნახავ, რომ გულშემატკივრები ფეხბურთით ცხოვრობენ, მაგრამ ესპანეთში ყველაფერი სხვანაირად არის.. ისინი არ სუნთქავენ და არ ცხოვრობენ ფეხბურთით.. ეს უბრალოდ ცხოვრებაა..

ორი წლის შემდეგ, შენ პირველად გაიაზრებ, რომ ფეხბურთი უდიდესი ბიზნესიც არის..

და ამით შენ ბედნიერი არ იქნები..

„რეალში“ გადასვლამდე ყველაფერს აზრი ჰქონდა.. სკოლაში, პატარა მოედანზე თამაში, „გრონინგენის“ ემოციები, პსვ, „ჩელსი“.. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი.. ტიტულები..

ეს ყველაფერი შენთვის ყოველთვის წინსვლის და განვითარების მოტივაცია იქნება..

ყოველთვის შემდეგი ნაბიჯის გადადგმა გენდომება..

მაგრამ „ბაიერნი“? თავდაპირველად ამას შენს პირველ უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩათვლი. რა თქმა უნდა, „ბაიერნს“ ბევრი ტიტული აქვს, მაგრამ შენ ჩემპიონთა ლიგის მოგება გენდომება და გერმანული კლუბი იმ პერიოდში ამის ფავორიტი არ იქნება.. სამწუხაროდ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტული „ჩელსისთან“ და „რეალთან“ ერთად ვერ მოიგე..

მადრიდის „რეალი" იმ დროისთვის ყველაზე დიდი კლუბი იყო მსოფლიოში. და შენ იგრძნობ, რომ მათთან ერთად ხარ მთის მწვერვალზე და სხვა ყველაფერი არის უკან გადადგმული ნაბიჯი..

მაგრამ აქ არის რაღაც, რაც მინდა, რომ აუცილებლად იცოდე. ამაზე მეტად შენს ცხოვრებაში ვერ შეცდები..

იცი რატომ? „ბაიერნში“ გადასვლა შენს ცხოვრებაში საუკეთესო ნაბიჯი იქნება!!

„ბაიერნში“ რაღაც ძალიან დიდის ნაწილი იქნები, რადგან წარმატება, როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთაც მოვა.. ამას არავინ მოელის, მაგრამ „რეკორდმაისტერი“ შენთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა და ამაში უდიდეს წვლილს შეიტან!

2011 წლის პირველ ნახევარს ტრავმის გამო გამოტოვებ, მაგრამ სეზონის ბოლოს კვლავ ლიგის ფინალში გახვალ, საკუთარ მოედანზე ყოფილი კლუბის „ჩელსის“ წინააღმდეგ ითამაშებ..

ამაზე უკეთესად მე ვერ დავწერ..

არ ვიცი ამაზე როგორ ვილაპარაკო, რადგან ეს ნამდვილ კოშმარად იქცა..

ამ ფინალზე და შენზე ბევრს ისაუბრებენ.. ხაზს გაუსვამენ იმას, თუ რისი გაკეთება შეგეძლო და ვერ გააკეთე..

მაგრამ ხალხი ვერასდროს დაინახავს და ვერასდროს იტყვის იმ მომენტზე და შეგრძნებაზე, როცა ფინალიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, პირველად დაბრუნდი ვარჯიშზე.. რეალურად, შენ დრო გჭირდებოდა, რადგან, როდესაც უკან იხედებოდი, მხოლოდ სევდა იყო..

კარიერაში ბევრი „პირველი დღე“ გქონდა და ისინი სადღაც ქრებიან.. ყველას მსუბუქად უბრუნდება თავისი რიტმი.. კარგი, ახლა ჩვენ მოვედით..

მთელს გუნდს შურისძიება სურდა..

და ყველა მატჩი, იქნება ეს ბუნდესლიგაში, თასის თამაში თუ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი მატჩი, ჩატარდება იმ ფინალის შეცდომის გამოსასწორებლად. ყოველი გამარჯვება, ყველა გოლი ისევ იქ დაბრუნებას გულისხმობს..

და გახსოვს ის მარცხენა ფეხი, რომელზეც მე გეუბნებოდი? იფიქრე ამაზე..

ისევ გააღწევ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.. „დორტმუნდს“ დაუპირისპირდები.. იფიქრე იმაზე, რომ დაწინაურებიდან სულ მალე „ბორუსია“ ანგარიშს გაათანაბრებს.

იფიქრე იმაზე, რომ დრო აღარ რჩება და 89-ე წუთი ახლოვდება..

საჯარიმოსკენ მარჯვენა ფლანგიდან გაიქეცი.. მარცხენა ფეხი კარგად აკონტროლე..

და დაარტყი!!..

მიუნხენის „ბაიერნში“ გატარებული 8 წელი ყველაზე საამაყო რამ იქნება შენს კარიერაში.  ჩემპიონთა ლიგის 3 ფინალი და 3 ნახევარფინალი. ერთი ჩემპიონთა ლიგის და 6 ბუნდესლიგის თასი.

მე ახლა ამ ტიტულების შესახებ გიყვები, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოგამზადებ, რადგან იმ ემოციებს, რასაც მომავალში განიცდი სიტყვებით ვერ აღვწერ..

სხვა რა შემიძლია ვთქვა?

ხო, კიდევ ერთი რამ.. 2017 წელს ჩემპიონთა ლიგას საკმაოდ უცნაურად დატოვებ..

მინდა იცოდე, რომ „ბაიერნიდან“ წასვლის შემდეგ, შენი შიმშილი მაინც არ გაქრება. უკეთესობისკენ სწრაფვა მაინც გენდომება..

არ ვარ დარწმუნებული, თუ როდის გაქრება ეს ყველაფერი, რადგან ახლა, როდესაც 38 წლის ხარ და კარიერა დასრულებული გაქვს, მაინც გინდა გახვიდე მოედანზე.. მაინც გინდა მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწიო და მარცხენა ფეხით გაისროლო.. მაგრამ.. აქ არის ერთი დიდი მაგრამ.. ამის საშუალებას სხეული აღარ გაძლევს..

რამე სხვა უნდა იპოვო, რათა შემდეგი ნაბიჯი გადადგა..

დრო გვიჩვენებს.. დრო, რომელიც ძალიან სწრაფად გადის და გავიდა..

ასე რომ, ახლა უნდა წავიდე, დედა მელოდება..“ - მე არიან რობენი ვარ

გაზიარება: