სასუოლო დამარცხებულია - ხვიჩას გოლი, 2 საგოლე პასი და საუკეთესო შედეგი ნაპოლიში
სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „სასუოლოს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, რომელმაც გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ანგარიში მე-4 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გახსნა, რომელმაც ქართველი ფეხბურთელის პასი გამოიყენა. რამდენიმე წუთში, კონკრეტულად კი მე-19 წუთზე სიტუაცია იგივე სცენარით განვითარდა.
კვარაცხელიამ გამჭოლი დაბალი პასი საჯარიმოში გააკეთა და ბურთთან პირველი ოსიმენი აღმოჩნდა, რომელმაც სხვაობა ორამდე გაზარდა. „ნაპოლი“ ზეწოლას არ აჩერებდა და კვლავ შეტევაში გავიდა. 36-ე წუთზე, მარიო რუიმ შესანიშნავი პასი გააკეთა და „კვარა“ მეკარესთან პირისპირ დატოვა. 21 წლის ქართველმა ბრწყინვალე დარტყმით გაიტანა და პირველი ტაიმის შედეგი 3:0 დააფიქსირა.
მეორე ნახევარში „ნაპოლი“ ისე აქტიურად აღარ უტევდა, თუმცა ხვიჩა კვლავ აქტიური იყო. ქართველ ფეხბურთელს გოლის გატანის კიდევ 2 შანსი ჰქონდა, თუმცა ერთ შემთხვევაში ბურთი კარს ააცილა, ხოლო მეორე მომენტში მისი დარტყმა „სასუოლოს“ ფეხბურთელს მოხვდა. საბოლოოდ, ხვიჩა ლუჩიანო სპალეტიმ მოედნიდან 71-ე წუთზე გაიყვანა. მეოთხე გოლი მასპინძელთა მხრიდან ოსიმენის ანგარიშზეა.
ცნობისთვის, ამ მომენტისთვის კვარაცხელიას 16 ჩატარებულ შეხვედრაში ყველა ტურნირზე ერთად 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ჯვაროსნების“ ვარსკვლავმა 18 გოლში მიიღო მონაწილეობა და ასეთი შედეგი მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ სხვა არცერთ ფეხბურთელს არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ნეაპოლურმა კლუბმა ყველა ტურნირზე ერთად მე-13 მატჩი მოიგო. სერია ა-ში კი სპალეტის გუნდი 32 ქულით ლიდერობს. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ატალანტას“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 5 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.
ხვიჩას ყველა მომენტი "სასუოლოსთან"