მესის ტრანსფერი - ბარსას ზამთარში მეტის დახარჯვა შეეძლება, ვიდრე ზაფხულში
Diario Sport-ის ცნობით, „ბარსელონას“ სურს ისარგებლოს იმით, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ლა ლიგის 1/1 წესის გამოყენებით ახალი ფეხბურთელების შეძენა შეეძლება.
ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურების შემდეგ „ბარსას“ მისამართით ფინანსური შეზღუდვები მოიხსნა - თუ აქამდე 1/4-ის წესი მოქმედებდა, ზაფხულიდან კლუბი ექვემდებარება 1/1 წესს (შეგიძლიათ დახარჯოთ ყოველი მიღებული ევრო).
მომავალი ზაფხულიდან „ბარსელონაზე“ კვლავ 1/4-ის წესი გავრცელდება, რაც მესის ტრანსფერს თითქმის შეუძლებელს გახდის, რის გამოც კატალონიელთა პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას არგენტინელის გადაბირება ზამთარში სურს.
გარიგების მოწყობა რამდენიმე მიზეზის გამო რთული იქნება. ჯერ ერთი, პსჟ არ აპირებს შუა სეზონში მესის შეელიოს. მეორეც, კლუბებს შორის ურთიერთობა დაძაბულია, ამიტომ პარიზელები ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ საკითხზე სასაუბროდ „ბარსელონას“ საერთოდ შეხვდნენ. მესამე, ახლა ლეო ორიენტირებულია პსჟ-ს მიზნებზე და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
ყველა ამ არგუმენტის გათვალისწინებით, გარიგება, რომელსაც ლაპორტა და „ბარსელონას“ დირექტორი მატეუ ალემანი გეგმავენ, შეუძლებელი ჩანს.
ამ დროისთვის „ბარსას“ მესისთან პირდაპირი კონტაქტი ჯერ არ ჰქონია. ამას ყველა მხარე ადასტურებს. ლაპორტას მხარის შუამავლები ცდილობდნენ კონტაქტების დამყარებას, მაგრამ არც მესი და არც პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მათ არ დაუკავშირდნენ.
ლაპორტა პარიზში გაფრინდა, როცა ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია იყო და სურდა მესის შეხვედროდა, მაგრამ ის ვერ შედგა.
რა შანსებია ზაფხულში მესის ტრანსფერზე?
„ბარსას პირველ რიგში მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების გაყიდვა ან მათთვის ხელფასის შემცირება დასჭირდება. ალბა, პიკე, ბუსკეტსი და დეპაი გუნდს 99%-ით დატოვებენ. ზოგი მათგანი საერთოდ იანვარშივე გაიყიდება. ეს ყველაფერი კლუბის სახელფასო ბიუჯეტს სერიოზულად შეამსუბუქებს.
რაც შეეხება ფრენკი დე იონგს, მას წასვლა არ უნდა და ამიტომ ხელფასის შემცირება მოუწევს.
მესი კი ივნისის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და შემდეგ, თუ „ბარსელონაში“ დაბრუნება მოუნდება, არგენტინელს საკმაოდ დაბალი ანაზღაურებით თამაში მოუწევს. ეს კი მის სურვილზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.