თოფურიას ყოფილი მეტოქე: „ილია მიტჩელს დაამარცხებს და მალე ტოპ 5-შიც შევა“
UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, დეიმონ ჯექსონმა „ელ მატადორსა“ და ბრაის მიტჩელს შორის ჩანიშნულ ბრძოლაზე ისაუბრა. ჯექსონის აზრით, თოფურია მიტჩელს დაამარცხებს და მალე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის ტოპ 5-შიც შევა.
„არ მინახავს ბრძოლები, რომლებშიც თოფურიამ ოქტაგონზე 3 რაუნდი გაატარა და რთული დაპირისპირება მოუწია. დიდი შანსია, ამ ჩხუბში მისი კარდიო გამოიცადოს და მიტჩელი ძლიერი მეტოქეა. ბრაისი პარტერში კარგად გამოიყურება, მაგრამ მგონია, რომ ილიას წინააღმდეგ თეიქდაუნების განხორციელება გაუჭირდება. თუ მიტჩელი პირველ რაუნდს გადაურჩა, მეორე და მესამე რაუნდში მშვენიერი შანსი ექნება, მეტოქე გააკონტროლოს.
ორივე ბიჭი კარგი გრეპლერია და ამის გამო, შესაძლოა, პარტერში გადასვლას თავი აარიდონ და ჩხუბი დგომში წარიმართოს. თოფურიას ძალა, სისწრაფე და ბევრი რამ აქვს, რასაც მიტჩელი უნდა უფრთხილდეს, თუმცა ბრაისი დაუმარცხებელი ტყუილად არაა. იმედი მაქვს, ეს ბრძოლა არ გაუქმდება და ვნახავ, თოფურია მიტჩელის წინააღმდეგ როგორ იასპარეზებს. ილიასთვის რთული ჩხუბი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, გაიმარჯვებს. თოფურია ნიჭიერი ბიჭია, ძალიან ძლიერია და ტოპ 5-ში აუცილებლად შევა. ჩემი აზრით, ამას მალე გააკეთებს და მიტჩელს დაამარცხებს“.
ცნობისთვის, „ელ მატადორს“ 30 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. ბრაზილიელმა ვეტერანმა ტრავმა მიიღო და ილია მეტოქის გარეშე დარჩა. თოფურიას კარიერაში 12 ბრძოლა აქვს გამართული და არც ერთხელ დამარცხებულა. მიტჩელს რაც შეეხება, მის ანგარიშზე 15 მოგება და 0 წაგებაა.