ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა
Aa
Aa

მარადონას „მემკვიდრე“ - Relevo-ს მაგარი სტატია ხვიჩაზე და ნაპოლიზე

ესპანურმა გამოცემამ, Relevo-მ ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ მაგარი სტატია მიუძღვნა და ლუჩანო სპალეტის გუნდის წარმატებულ ასპარეზობაზე ისაუბრა. „ნაპოლი არავის დაუმარცხებია: წაგების გარეშე მარადონას „მემკვიდრის" წყალობით არიან“, - ასეთია სტატიის სათაური.

„ნეაპოლში სეირნობისას, გარდაუვალია, დიეგო მარადონა არ გაგახსენდეთ. ის ყველგანაა! მარადონას მურალს უამრავ კედელზე წააწყდებით, შეხვდებით მისი სახელობის ეკლესიას და როგორც ამბობენ, მისი თმის ნახვაც შეგიძლიათ. მარადონა იყო სამხედრო ხელი, რომელიც სამხრეთს ჩრდილოეთთან ბრძოლაში ეხმარებოდა და ღარიბების სახელით, მდიდრებს უპირისპირდებოდა. მისი მემკვიდრეობა კულტურული იდენტობაა და იგი ნეაპოლის სიმბოლოა.

ნაპოლიში ამ ზაფხულს გადასულმა საშუალო სტატისტიკის მქონე ფეხბურთელმა, რომელიც დრიბლიორადაა დაბადებული, კლუბი სერია A-ს პირველ ადგილზე აიყვანა. ჩემპიონთა ლიგაზე, მათ ლივერპული და აიაქსი გაანადგურეს და ბოლო ტურში კლოპის გუნდს ენფილდზე დაუპირისპირდებიან. ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გვარი კვარაცხელიაა, მეტსახელი - კვარადონა. ნეაპოლში მის მურალებს უკვე შეხვდებით და შესაძლოა, ეს ახალი მემკვიდრეობის დასაწყისიც იყოს.

გასულ ზაფხულს, ბაიერნმა ლევანდოვსკი გაუშვა, რეალმა და ლივერპულმა კი კაზემირო და მანე დათმეს. ისტორიის მნიშვნელოვანი თავი ნეაპოლშიც დაიხურა. პარტენოპეიმ მერტენსი, ინსინიე და კულიბალი გაუშვა და იმის მაგივრად, გარდამავალი სეზონისთვის მომზადებულიყო, უმაღლეს დონეზე თამაშობს. დე ლაურენტისმა მოახერხა და სათანადო შემცვლელები იპოვა, სპალეტიმ კი, რომელსაც სკუდეტო არასდროს მოუგია, ნაპოლი ტიტულთან ისე ახლოს მიიყვანა, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა. იგი 4-3-3 სათამაშო სქემას იყენებს, რომელმაც საჭადრაკო დაფაზე მყოფი ყველა ფიგურა გააძლიერა.

იტალიელის ტაქტიკაში ორ ასიმეტრიულ გარემარბს ნახავთ, რომლებიც მესამე ცენტრალური მცველისა და ფლანგის მოთამაშის ფუნქციებსაც ირგებენ. როცა ერთ-ერთი მათგანი ფლანგზე იმყოფება, მისი თანაგუნდელები ცენტრისკენ იწევენ და ასეთ მომენტებში კვარაცხელია შეუჩერებელია. სერია A-ში მასზე მეტ დრიბლინგს არავინ ახორციელებს. ნაპოლის ფეხბურთი მრავალფეროვანია და მოთამაშეები პოზიციებს სისტემატურად იცვლიან. „ეს არაა გუნდი, რომლის ფეხბურთელებიც მთელ მატჩს ერთ პოზიციაზე ატარებენ. ჩვენი ქიმია საშუალებას იძლევა, თავისუფალი სივრცეები შევავსოთ და როცა ვიღაც მოძრაობას იწყებს, მთელი გუნდი მის შესაბამისად მოძრაობს“, - განაცხადა სპალეტიმ რეინჯერსთან მატჩის შემდეგ.

სამანქანო განყოფილებაში, გუნდის ლიდერი ლობოტკაა. მის გვერდითაა ზელინსკი, რომელიც მას ძალიან ცოტათი ჩამორჩება. მათ გარდა, არიან, ზამბო ანგისა და ნდომბელე, რომელმაც თავისი თავის საუკეთესო ვერსია იპოვა. ნაპოლის შემადგენლობის სიღრმეს ერთი სტატისტიკა იდეალურად აღწერს: პარტენოპეის რიგებში გოლი 13 ფეხბურთელს აქვს გატანილი და ეს იტალიაში საუკეთესო შედეგია. სპალეტის გუნდმა რეკორდიც მოხსნა და რეინჯერსის დამარცხებით, ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვა. აქამდე, საუკეთესო შედეგი 1986 წლის ნაპოლის ეკუთვნოდა, რომელიც ჩემპიონიც გახდა. გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი დაუმარცხებელი გუნდია დარჩენილი: ნაპოლი და პარი სენ-ჟერმენი.

კვარაცხელიასთან ერთად, სკუდეტოს მოგების შანსებზე საუბარი აქტუალური გახდა და შესაძლოა, ერთ დღეს, მარადონას ქალაქში, დიეგოს მურალების გვერდით კვარადონაც გაჩნდეს. სეზონის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი, ევროპაში ნაპოლიზე უკეთესი გუნდი კი ბევრი ნამდვილად არაა“, - წერს Relevo.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას „ნაპოლიმ“ ბოლო შეხვედრა „რეინჯერსთან“ გამართა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. „პარტენოპეის“ მომდევნო მატჩს „სასუოლოსთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!“ - კიტეიშვილის ემოციური კომენტარი
“ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!“ - კიტეიშვილის ემოციური კომენტარი