FourFourTwo-ს ტოპ 10 ახალგაზრდა - კვარა საკაზე და კამავინგაზე წინაა
საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები დაასახელა. ბრიტანულმა გამოცემამ 21 წლის ან უფრო პატარა ასაკის 10 მოთამაშე გამოარჩია და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
„2022 წლის ზაფხულამდე ბევრისთვის უცნობმა ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო სცენაზე საკუთარი თავი სერია A-ში და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, ლივერპულთან, აიაქსთან და რეინჯერსთან ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშით წარადგინა. კვარაცხელია მაღალი და გრძელი და ძლიერი ფეხების მქონე ფეხბურთელია. მან მიმდინარე სეზონში ბევრი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და ნაპოლის გრიგალისებურ სტარტში დიდი დამსახურება მიუძღვის.
მას მეტოქეებზე პირდაპირი შეტევის განხორციელება უყვარს და მათ ორთაბრძოლაში იწვევს, რომელსაც ან იგებს, ან მეურვის ჩამოშორების შემდეგ, მას ჯარიმის აღებას აიძულებს. ქართველმა ფეხბურთელმა გვაჩვენა, რომ ორივე ფეხით თამაში შეუძლია, მაგრამ ძირითადად, ურჩევნია, მარცხენა ფლანგიდან მოედნის ცენტრისკენ შეიჭრას და კარის მიმართულებით დაარტყას ან საჯარიმოში მყოფ თანაგუნდელებს პასები გაუკეთოს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში ინტენსივობაზეა ფოკისურებული, ხვიჩა ჭკვიანურად თამაშობს და იცის, მატჩის ტემპი როდის შეცვალოს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
ცნობისთვის, FourFourTwo-ს რეიტინგში „კვარა“ მე-5 ადგილს იკავებს. იგი კარიმ ადეიემის, გაბრიელ მარტინელის, ვილიამ სალიბას, ედუარდო კამავინგასა და ბუკაიო საკას უსწრებს, მასზე წინ კი გავი, ჯამალ მუსიალა, პედრი და ჯიუდ ბელინგემი იმყოფებიან.