არსენალმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა: „მარის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“
ლონდონის „არსენალმა“ თავისი ფეხბურთელის, პაბლო მარის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა. „მეთოფეების“ თქმით, ისინი მარის აგენტს დაუკავშირდნენ და გაირკვა, რომ „მონცაში“ განათხოვრებულ მოთამაშეს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.
„ყველანი შეძრწუნებული ვართ იტალიაში მომხდარი საშინელი თავდასხმის გამო, რომლის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში აღმოჩნდა და მათ შორის, ჩვენი ფეხბურთელი, პაბლო მარიცაა. მის აგენტს დავუკავშირდით და მან შეგვატყობინა, რომ ფეხბურთელი საავადმყოფოში იმყოფება და სერიოზული დაზიანებები არ აქვს. ჩვენი ფიქრები ახლა პაბლოსთან და ამ საშინელი ინციდენტის სხვა მსხვერპლებთანაა“.
შეგახსენებთ, რომ იტალიური პრესის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, 46 წლის მამაკაცმა ცივი იარაღით ჭრილობა 6 ადამიანს მიაყენა. 3 დაჭრილის მდგომარეობა სერიოზულია (ერთი გარდაიცვალა) და მათი საავადმყოფოში გადასაყვანად ვერტმფრენის გამოყენება გახდა საჭირო.
გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ტანკრეტი პალმერის მიხედვით, დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მარი კი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. Marca-ს ცნობით, ფეხბურთელს სერიოზული პრობლემები არ აქვს და მეუღლესა და შვილს უკვე გაესაუბრა.