ტენ ჰაგი: “მაგუაიერი შესანიშნავი ფეხბურთელია“
„ჰარი მაგუაიერს“ 10 ოქტომბრის შემდეგ ტრავმის გამო აღარ უთამაშია. ინგლისელმა უკანახაზელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოლო 6 დაპირისპირება გამოტოვა. მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონში მას ერიკ ტენ ჰაგი ბევრ სათამაშო დროს აღარ აძლევდა.
ევროპის ლიგის მეხუთე ტურის მატჩის წინ, სადაც „მანჩესტერი“ ტირასპოლის „შერიფს“ უმასპინძლებს, ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და მაგუაიერზეც გააკეთა კომენტარი.
რა თქვა ტენ ჰაგმა?
„ჰარის ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი გუნდში. ის ტრავმირებული იყო და ახლა სრულიად გამოჯანმრთელდა. დაბრუნებით ბედნიერია და მეც კმაყოფილი ვარ, რომ მისი გამოყენება შემიძლია. რაც შეეხება მის თვისებებს, მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. მაგუაიერი შესანიშნავი ფეხბურთელია და „იუნაიტედისთვის“ დიდებული სამუშაოს შესრულება შეუძლია.“
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერული კლუბის კაპიტნის თამაშით გულშემატკივრები დიდი ხანია უკმაყოფილონი არიან და მის სათადარიგოთა სკამზე დაჯდომას ითხოვდნენ. საბოლოოდ ასეც მოხდა. ნიდერლანდელი სპეციალისტი, მიმდინარე სეზონში ლისანდრო მარტინესის და რაფაელ ვარანის დუეტს ენდობა, მაგრამ ახლა ფრანგი მცველი ტრავმირებულია და დიდი ალბათობით ჰარი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინება.