ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარადონა და აღზევების გზაზე მყოფი ქართული ფეხბურთი - The New York Times-მა ხვიჩაზე დაწერა

ევროპულ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიაზე აქტიურად წერენ. ავტორიტეტული იტალიური გამოცემები მას სტატიებს თითქმის ყოველდღე უძღვნიან და „კვარას“ ბრწყინვალე ასპარეზობამ ამერიკული პრესაც დააინტერესა. ახლახან, ქართველ ფეხბურთელზე Washington Post-მა დაწერა, რამდენიმე წუთის წინ კი, მის შესახებ კიდევ ერთი ავტორიტეტული გაზეთი, New York Times-ი გვესაუბრა.

„ბათუმი, საქართველო. არსებობდა ვარაუდი, რომ დაკლაკნილი თაღებისა და განათებული ექსტერიერის მქონე ბათუმი არენა მომგებიანი პროექტი არ იქნებოდა და თავის შენახვა გაუჭირდებოდა. ბოლოს და ბოლოს ბათუმი ხომ საკურორტო ქალაქია და 20 000-იანი სტადიონი დიდად არაფერში სჭირდებოდა. ამ არენაზე დინამო თამაშობს, რომლის მატჩებსაც ძირითადად, 10 000 ადამიანამდე ესწრებოდა, თუმცა, შემდეგ, აპრილი მოვიდა და კლუბში ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა.

„ქალაქი თამაშიდან თამაშამდე ცხოვრობდა. ატმოსფერო რადიკალურად შეიცვალა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ეგიდით გამართული მატჩებისას ისეთი გარემო იყო, როგორიც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებზეა და ეს ფანტასტიკური რამ გახლდათ“, - ამბობს დინამო ბათუმის ქომაგი, ტარიელ ვარშანიძე.

კვარაცხელიამ ბათუმში 3 თვე გაატარა და სტადიონზე თავისუფალი ადგილი დინამოს არც ერთი მატჩისას ყოფილა, შავი ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად მყოფმა ტურისტებმა კი თავიანთი გეგმები შეცვალეს და თამაშებზე წასვლა გადაწყვიტეს. დინამო ბათუმის შეხვედრებზე სისტემატურად დამსწრე ადამიანების მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, კოლეგები და უბრალო ნაცნობები მათ ეკითხებოდნენ, ზედმეტი ბილეთი ხომ არ ჰქონდათ და რაც მთავარია, მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის ქომაგობდნენ ან ფეხბურთით საერთოდ დაინტერესებული იყვნენ თუ არა.

დინამო ბათუმის მატჩებისას, კვარაცხელიას ყველა შეხებას სტადიონი ოვაციებით ხვდებოდა და ასე მხოლოდ ბათუმში არ ყოფილა. მისი ასპარეზობის ხილვა მთელ საქართველოს სურდა და იმ სტადიონებზეც კი, სადაც ძალიან ცოტა ხალხი დადიოდა, მის თამაშებზე ყველა ბილეთი იყიდებოდა. ეს შოკი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ბათუმში ჩასვლისას, კვარაცხელიას ეროვნული სიმბოლოს სტატუსი ჰქონდა. მისი თამაშის ხილვის შანსი ხელიდან გასაშვები არ ყოფილა, მაგრამ ძალიან ცოტა წარმოიდგენდა, კვარამანია ასე სწრაფად და ასე შორს თუ გავრცელდებოდა. 6 თვე არცაა გასული და ხვიჩას სახელი საქართველოს საზღვრებს დიდი მანძილით გასცდა. მან იტალიური საფეხბურთო სამყარო მოაჯადოვა და ჩემპიონთა ლიგაზე გარღვევის მომხდენი ვარსკვლავი გახდა.

„ქართველი გულშემატკივრები ვარაუდობდნენ, რომ იგი მაღალ დონეზე ითამაშებდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთ მცირე დროში, ასეთი შედეგები ექნებოდა“, - განაცხადა დინამო ბათუმის თავკაცმა, გია გეგუჩაძემ.

როგორც გაირკვა, ბათუმი არენაზე მისულმა გულშემატკივრებმა მხოლოდ პრევიუ იხილეს იმისა თუ რა შეუძლია ხვიჩას. ბიჭი, ვინც სტადიონებს ავსებდა, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა მათ შორის, ვისაც ევროპაში თვალი უნდა ვადევნოთ.

ხვიჩას სტატისტიკა ასეთია: ნაპოლიში 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადასვლის შემდეგ, მან სერია A-ში, რომლის სატურნირო ცხრილსაც მისი გუნდი ლიდერობს, 5 გოლი გაიტანა. ამას ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ორი გოლი ემატება და კვარაცხელია ნაპოლის დაეხმარა, ურთულესი ჯგუფიდან, რომელშიც ლივერპული და აიაქსი არიან, მარტივად გასულიყო. ორი აზრი არაა, რომ ხვიჩას კარგი სტატისტიკა აქვს, მაგრამ ეს მის ფენომენს ბოლომდე არ აღწერს. მისმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ მას „სტრატოსფერული“ მოთამაშე უწოდა, არიგო საკიმ სიტყვა „გამანადგურებელი“ გამოიყენა, ალესანდრო დელ პიეროს თქმით კი, ხვიჩამ ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ევროპაში სათამაშოდაა შექმნილი. პარტენოპეის ფანებმა მას უდიდესი პატივი მიაგეს და მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს, რომელიც კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელსა და ნეაპოლელთა გმირს, დიეგო მარადონას უკავშირდება.

ხვიჩას განსაკუთრებულობასა და ფენომენს ყველაზე კარგად ალბათ, ფაბრიციო რავანელის სიტყვები აღწერს, რომელიც იუვენტუსის ყოფილი თავდამსხმელია. მილანთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რავანელიმ განაცხადა, რომ კვარაცხელიათი და ლეაუთი მოჯადოებულია და მსოფლიოში მათნაირი ფეხბურთელები უფრო და უფრო ცოტანი არიან. იშვიათობის შეგრძნება, რომელსაც კვარაცხელია ტოვებს, მისი წარმატების საფუძველია. ხვიჩა იმ მოთამაშეთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც თანამედროვე ფეხბურთი, თავისი ინდუსტრიალიზებული ახალგაზრდული სისტემებითა და მოდელებით, ვეღარ ქმნის. კვარაცხელია მოძრავი და ინტუიციური, დამოუკიდებელი და ინსტინქტური და გარკვეულწილად, მოუთვინიერებელია.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა იგი ფრანკ რიბერის შეადარა, მაგრამ დასძინა, რომ მათ შორის განსხვავებებიც არსებობს. კვარაცხელია უფრო მაღალი და შედარებით სუსტია, მისი სათამაშო სტილის კატეგორიზაცია კი ბევრად ძნელია. რიბერი მეტოქეებისთვის სერიოზული საფრთხე იყო და მიზანი ჰქონდა. მას სურდა, ფლანგიდან მოედნის ცენტრისკენ შეჭრილიყო. კვარაცხელიამ შეიძლება ეს გააკეთოს ან არ გააკეთოს. მას შეუძლია, 10 ნომერზე ითამაშოს ან როგორც ლაციოსთან ქნა, უსაფრთხო პასები დააიგნოროს, 3 მცველი ჩამოიშოროს და შემდეგ შორეული მანძილიდან გაისროლოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მიხედვით, ხვიჩა არაპროგნოზირებადია და ეს მისი ძლიერი მხარეა.

„მსოფლიოში უამრავი გარემარბია, რომლებიც ტექნიკურები და სწრაფები არიან, მაგრამ ხვიჩა რაღაც განსხვავებულს გვთავაზობს. ბევრი ფეხბურთელი ნამდვილად არ მინახავს, რომელიც ასეთი დაუნდობელი შემტევი სტილით გამოირჩევა და როგორც საქართველოში, ისე ევროპაში ყველაფერს ასეთ მაღალ სისწრაფეზე აკეთებს“, - აცხადებს კობიაშვილი.

საქართველოში ხვიჩას მიმართ უდიდესი ინტერესია და ნაპოლის თამაშებისას, მთელი ქვეყანა ჩერდება. „ყველა ტელევიზორების წინ იყრის თავს და ასეთი რამ არ მახსოვს“, - ამბობს კობიაშვილი, თუმცა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კვარაცხელია ერთადერთი არაა. ქართული ფეხბურთი აღზევების გზაზეა. 2015 წელს, როცა კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე დაინიშნა, საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში „150-ე ადგილისკენ იყო“, ახლა კი 78-ე პოზიციას იკავებს. უფრო შთამბეჭდავი ჯვაროსნების მიერ ერთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგია. ისინი 2-ჯერ აღზევდნენ და ჯერ C დივიზიონში, შემდეგ კი B დივიზიონში გადავიდნენ, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო გათამაშებაში იქ იასპარეზებენ, სადაც ინგლისის ნაკრები იქნება.

„უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს და მათ წარმატებაში საერთო წვლილი შეაქვთ“, - აცხადებს კობიაშვილი და გიორგი მამარდაშვილს გამოყოფს, რომელიც ვალენსიას რიგებში ბრწყინავს. მის გარდა, ლევანს შეეძლო, ზურიკო დავითაშვილიც დაესახელებინა, რომელიც დინამო ბათუმში ხვიჩას თანაგუნდელი იყო და ახლა ბორდოში თამაშობს. ქართული ფეხბურთის აღზევება შეუმჩნეველი არ დარჩენილა და გამონაკლისი არც ხვიჩაა. რუსეთში ყოფნისას, მას ტოტენჰემი და იუვენტუსი აკვირდებოდნენ, ნაპოლი კი ორი წლის განმავლობაში ადევნებდა თვალს.

„რაღაც კუთხით, კვარა მსხვერპლი აღმოჩნდა. უცხოურ კლუბებს ის ძალიან მოსწონდათ, მაგრამ მისი ამპლუის ფეხბურთელი არ სჭირდებოდათ“, - აცხადებს რუბინის გენერალური მენეჯერი, ოლეგ იაროვინსკი და დასძენს, რომ მათთვის წინადადებით არავის მიუმართავს.

ფიფას გადაწყვეტილების შემდეგ, ხვიჩამ კონტრაქტის გაწყვეტის უფლება მიიღო და საქართველოს ნაკრების თავკაცმა, ვილი სანიოლმა დაიწყო მუშაობა, რათა იგი დასავლეთ ევროპაში გადაეყვანა. სანიოლის თქმით, კლუბები მის ქმედებებს დიდი სკეპტიციზმით შეხვდნენ: „მხოლოდ ის მესმოდა, რომ ხვიჩა იყო ფეხბურთელი, რომელიც 70-ე წუთისთვის იღლებოდა. ისინი მეუბნებოდნენ: მისმინე ვილი, ის ქართველია და არა ბრაზილიელი, ეს კი არც ისე გლამურულია“, - განაცხადა სანიოლმა და საბოლოოდ, კვარაცხელია იძულებული გახდა, ცოტა ხნით საქართველოში დაბრუნებულიყო.

ხვიჩას მემკვიდრეებს იგივე პრობლემა არ ექნებათ. 2023 წელს, 17 წლის ლუკა პარკაძე, წარმატებული სინჯების შემდეგ, დინამო თბილისიდან ბაიერნს მიაშურებს და რეკორდმაისტერის აკადემიას შეუერთდება, დინამო ბათუმის აკადემიაში მყოფი ბავშვების რაოდენობამ კი მკვეთრად მოიმატა“, - წერს ცნობილი გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას „ნაპოლის“ საქმეში დღეს ვიხილავთ და „პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩვენ ჯერ კიდევ ევროპის ლიგის ზონაში ვართ“ - ალეგრი ბენფიკასთან მარცხის შემდეგ
“ჩვენ ჯერ კიდევ ევროპის ლიგის ზონაში ვართ“ - ალეგრი ბენფიკასთან მარცხის შემდეგ