ალდო: „მერაბთან ჩხუბს ყველა თავს არიდებდა, ჩემი გამოსვლით იმედგაცრუებული ვარ“
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ჟოზე ალდო MMA-ის პოდკასტის, Trocação Franca-ს სტუმარი იყო და მერაბ დვალიშვილთან გამართული დაპირისპირება გაიხსენა. ბრაზილიელის თქმით, „მანქანა“ მთელი ბრძოლის განმავლობაში „ეხუტებოდა“ და მოსაგებად განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია.
„არაფერს ვნანობ. ტიტულისკენ მივდიოდი, ფიზიკურად და ტექნიკურად უმაღლეს დონეზე ვიყავი და საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ თუ დვალიშვილთან ვერ მოვიგებდი, კარიერას დავასრულებდი და ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. ლაპარაკია ბრძოლაზე, რომელიც შეიძლებოდა, UFC-ში ჩემთვის ბოლო ყოფილიყო და უფრო მარტივი მეტოქეც შემომთავაზეს, მაგრამ ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა. თუ კონტრაქტის ბოლომდე მიყვანაზეა საუბარი, ყოველთვის რთულ და რეიტინგში მოწინავე ადგილზე მყოფ მოწინააღმდეგეს ავირჩევ, რადგან ჩემი თავის გამოცდა მინდა.
შემეძლო, დავმჯდარიყავი და სატიტულო ბრძოლას დავლოდებოდი, მაგრამ არ ვიცოდი, ალჯამეინ სტერლინგი ოქტაგონზე გასვლას როდის მოისურვებდა და შეიძლებოდა, ტრავმა მიეღო და ჩხუბი გადაედო. არ მინდოდა, ამდენი დრო ლოდინში დამეკარგა. ოქტაგონზე სწრაფად დაბრუნება და აქტიურ მებრძოლად დარჩენა მინდოდა. მერაბ დვალიშვილი არის ბიჭი, ვისთან ჩხუბსაც ყველა თავს არიდებდა, მაგრამ მე ეს მაინც გავაკეთე და სანანებელი არაფერია, თუმცა ჩემი ასპარეზობით იმედგაცრუებული ვარ.
მერაბთან გამართული ჩხუბი საშინელი სანახავი იყო. დვალიშვილი ჩემს ჩახუტებას განაგრძობდა, თუმცა ეს მერაბის ბრალი არ ყოფილა და ამაში დამნაშავე ოქტაგონზე მყოფი მსაჯია. მან საშინლად იმსაჯა და მისი მონაწილეობით გამართული ჩხუბები სანახაობრივი არაა. 10 წამი გადის და ეს ბიჭი მუხლებით შეხების გარდა, არაფერს აკეთებს. ამ დროს, საქმეში უნდა ჩაერიო და მებრძოლები გააშველო. როგორც MMA-ის ქომაგს, ჩხუბის ნახვა მინდა და არა მებრძოლების, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებიან. მომხდარში მსაჯი უფროა დამნაშავე, ვიდრე მერაბი. დვალიშვილმა ის გააკეთა, რასაც აპირებდა, მსაჯმა კი ამის საშუალება მისცა“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, UFC-ის რეიტინგი განახლდა და „მანქანა“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მეორე ადგილს პიოტრ იანთან ერთად იყოფს, ქამრის ნომერ პირველი პრეტენდენტი კი შონ ომალია, რომელმაც ზემოთ ხსენებული რუსი დაამარცხა.