ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, რეინჯერსი
Aa Aa

ნაპოლი VS რეინჯერსი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ნაპოლი“ „რეინჯერსს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, CrystalSport ყველა საჭირო და საინტერესო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება

„რეინჯერსისა“ და „ნაპოლის“ პირველი შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებაში თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც პენალტი მოიპოვა და პირველი გოლი სწორედ ასე გავიდა.

„ნაპოლი“

ლუჩიანო სპალეტის გუნდი შესაძლოა ცოტა გადაღლილი იყოს, რადგან სერია ა-ს გასულ ტურში „რომას“ ესტუმრა და საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადაიტანა. „პარტენოპეიმ“ ვიქტორ ოსიმენის ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა და ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ მე-11 მოგება ჩაიწერა აქტივში. „ნაპოლი“ სერია ა-ს 29 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.

დანაკლისი:

ამ მხრივ თითქმის ყველაფერი მოგვარდა. რაც მთავარია, გუნდს ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდა. ტრავმირებულთა სიაში რაჰმანი გვხვდება, რომელმაც გამოჯანმრთელება ჯერ კიდევ ვერ მოასწრო. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სირიგუს თამაში, თუმცა ეს დანაკლისად შეიძლება არც ჩაითვალოს, რადგან „ნაპოლის“ პირველი მეკარე მერეტი გახლავთ.

რა თქვა სპალეტიმ მატჩის წინ?

„“რეინჯერსის“ ბოლო მატჩი თავიდან ბოლომდე ვნახე. მათ მწვრთნელს უდიდესი ხარისხი აქვს და კარგად იცის როგორ უნდა იპოვოს ყველა სიტუაციაში გამოსავალი. ჩემი გუნდი დამსახურების გარეშე არასდროს იგებს. არ მაინტერესებს სხვები რას საუბრობენ ამაზე. ყველა ტურნირზე პირველ ადგილს ვიკავებთ, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი გულშემატკივრების წინაშე საუკეთესოდ ყოფნაა.

იზრდება თუ არა „ნაპოლი“? რა თქმა უნდა. ჩვენ ახლა კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მიხარია, რომ „რეინჯერსთან“ მატჩისთვის აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაყიდულია. ეს იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრებს სტადიონზე მოსვლა უხარიათ. გაგვიჭირდება, თუ არა მოგება? ყოველთვის ვამბობ, რომ ნებისმიერ მატჩში ჩვენი მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ.

ხვალ გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნები, რადგან „ენფილდზე“ 15 ქულით უნდა ჩავიდეთ და ფავორიტის სტატუსი გავამართლოთ. კარგი იქნება, თუ ჯგუფს 18 ქულით დავასრულებთ. ამას ჩვენგან ვერავინ წარმოიდგენდა. ანგისას მდგომაროება? განაცხადში შევიყვანე, თუმცა ნდომბელეს თამაშით კმაყოფილი დავრჩი.”

„რეინჯერსი“

გლაზგოური კლუბი შიდა ჩემპიონატში კარგად გამოიყურება, მაგრამ ლიდერ „სელტიკს“ 4 ქულით ჩამორჩება. უკანასკნელ ტურში, გლაზგოელებმა „ლივინგსტონს“ უმასპინძლეს და ქულები დაკარგეს. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგა გასულ ტურში „რეინჯერსმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 1:7 დამარცხდა. ვან ბრონქჰორტის გუნდი 0 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება და მხოლოდ ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი დარჩა.

დანაკლისი:

ამ მხრივ „რეინჯერსს“ საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს. „ნაპოლის“ წინააღმდეგ გოლდსონი, ჰაჯი, ლოურენსი, ოფობორი და სუტარი ვერ ითამაშებენ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჰელანდერის, კამარას და ლოურის თამაშიც.

რა თქვა ვან ბრონქჰორსტმა?

„ახლა რთული პერიოდი გვიდგას. ამისგან თავის დასაღწევად საუკეთესო საშუალება კარგი შედეგის დაფიქსირებაა. ჩვენ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, რომელსაც საოცარი გულშემატკივრები ჰყავს. სპალეტის გუნდმა ზედიზედ 11 მატჩი მოიგო და ამას ვიაზრებთ, თუმცა საუკეთესო შედეგის დაფიქსირებას ვეცდებით.

სამწუხაროდ, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე ტრავმირებული გვყავს და ვერ ითამაშებენ. ეს დამატებით პრობლემას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ გვაქვს, ვთვლი, რომ ხვალ მაინც მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება და წარმატებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.“

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 12 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია. ამ შედეგით სპალეტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში უკვე გასულია და „რეინჯერსთან“ დაპირისპირების შედეგი არაფერს ცვლის.

9 ქულით მეორე პოზიციას „ლივერპული“ იკავებს. „ნაპოლისთვის“ გამარჯვება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 26 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: