რონალდუმ გუნდთან ერთად ივარჯიშა - შესაძლოა შერიფთან ითამაშოს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. ამ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი, კრის ვილერი ავრცელებს და იტყობინება, რომ არის შანსი, პორტუგალიელმა ევროპა ლიგაზე ითამაშოს.
რონალდუ „წითელი ეშმაკების“ თავკაცს, ერიკ ტენ ჰაგს გაესაუბრა და ნიდერლანდელმა გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღო. ტენ ჰაგს სურდა, კრიშტიანუსგან გაეგო, რომ „ტოტენჰემთან“ განვითარებული მოვლენების გამო ნამდვილად წუხდა და საკუთარ საქციელს ნანობდა. აქამდე იგი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და დღეს, გუნდური ვარჯიში განაახლა.
ახლახან, ბრიტანულ პრესაში დაიწერა, რომ რონალდუ „ოლდ ტრაფორდის“ დატოვებას აქტიურად განიხილავს და შესაძლოა, ზამთარში წავიდეს. პორტუგალიელს ორი ვარიანტი აქვს. მისით „ჩელსი“ ინტერესდება, თავად რონალდუ კი „ნაპოლიზე“ ფიქრობს.
სხვათა შორის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები ერიკ ტენ ჰაგის მხრიდან კრიშტიანუ რონალდუს მიმართ დაკისრებული სასჯელის გამო აღფრთოვანებული იყვნენ. კლუბთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ტენ ჰაგის საქციელმა მოთამაშეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამავდროულად, შემთხვევის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში ნიდერლანდელმა სპეციალისტმა რამდენჯერმე თქვა, რომ პორტუგალიელი გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება და განაცხადში დაბრუნების შანსიც ჰქონდა.