ჯა მორენტი, კევინ დურანტი, დემიენ ლილარდი, ბენ სიმონსი, კაირი ირვინგი, დესმონდ ბეინი
Aa
Aa

ლილარდის პორტლენდს ვერ აჩერებენ - მემფისმა ბრუკლინს მოუგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციას „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ ჩაუდგა სათავეში. დემიენ ლილარდის გუნდმა „ლეიკერსისა“ და „ფინიქსის“ დამარცხების შემდეგ, ნიკოლა იოკიჩის „დენვერ ნაგეთსსაც“ მოუგო და კოლორადოელები 135:110 გაანადგურა.

„პორტლენდს“ ზემოთ ხსენებულმა ლილარდმა ულიდერა. „დეიმ დოლამ“ პარკეტზე 34 წუთი გაატარა და 31 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გაიფორმა. ანფერნი სიმონსის ანგარიშზე 29 ქულა გახლდათ. ამ უკანასკნელმა 22 ქულა მესამე მეოთხედში აიღო და მატჩში 7 სამქულიანი მიითვალა. „დენვერს“ რაც შეეხება, „ნაგეთსის“ მხრიდან 26 ქულით აარონ გორდონი გამოირჩა. ნიკოლა იოკიჩმა 9 ქულა, 9 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა, მაიკლ პორტერ ჯუნიორის ანგარიშზე კი 18 ქულა იყო.

დღევანდელი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი მემფისში გაიმართა, სადაც „გრიზლისი“ „ბრუკლინ ნეთსს“ დაუპირისპირდა და 134:124 იმარჯვა. „მემფისს“ ჯა მორენტმა და დესმონდ ბეინმა ულიდერეს, რომლებმაც 38-38 ქულა მიითვალეს. სანტი ალდამას 17 ქულა ჰქონდა, ბრენდონ კლარკს - 13. „ბრუკლინის“ რიგებში კევინ დურანტი და კაირი ირვინგი გამოირჩნენ - 37-37 ქულა. ნიკ კლაქსტონის ანგარიშზე 16 ქულა და 7 მოხსნა იყო, ხოლო ბენ სიმონსმა 7 ქულა, 8 ასისტი და 3 მოხსნა გააკეთა.

ცნობისთვის, „პორტლენდის“ გარდა, NBA-ში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია. „მილუოკი ბაქსს“ ორივე შეხვედრა მოგებული აქვს და სანდრო მამუკელაშვილის გუნდის მომდევნო გაჩერება „ბრუკლინ ნეთსია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები