ფილადელფიაში გოგას უსტვინეს - დაპირისპირება ნიენგთან და ინდიანას მე-3 მარცხი
გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ მიმდინარე სეზონში მესამედ დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ დაუპირისპირდა, რომელიც გამარჯვების გარეშე გახლდათ, და 106:120 წააგო.
გოგამ პარკეტზე 20 წუთი და 44 წამი გაატარა და გუნდს 3 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა. ბითაძემ 1 სამქულიანი და ორქულიანი გააცუდა და სამივე ქულა საჯარიმო ხაზიდან აიღო. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.
მატჩის მიმდინარეობისას, გოგასა და „ფილადელფიას“ კალათბურთელს, ჯორჯ ნიენგს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. ბითაძე მის წინააღმდეგ დაჯარიმდა, რაც ნიენგს არ მოეწონა და „პეისერსის“ ცენტრს სიტყვიერად დაუპირისპირდა. მსაჯებმა მომენტი გადაამოწმეს და საბოლოოდ, ნიენგმა 2 საჯარიმო სროლა შეასრულა, რომელთა დროსაც, „ფილადელფიას“ რეპორტიორის, ჯასტინ პერსიკეტის მიხედვით, მან გოგას უთხრა: „არ მაიძულო, ჩემი ბიჭი, ფურკი გამოვიყვანო“. ამ მოვლენების შემდეგ, ადგილობრივი პუბლიკა გოგას მიმართ უარყოფითად განეწყო და რამდენჯერმე დაუსტვინა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს გამართავს და სტუმრად „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდება.