ვინისიუსი: “ატლეტიკოს ქომაგები სტადიონზე არ უნდა შეუშვან“
რამდენიმე კვირის წინ, მადრიდის „ატლეტიკოს“ გულშემატკივრებმა ვინისიუს ჯუნიორს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ზოგადად, მსოფლიო ფეხბურთში ასეთი ფაქტები საკმაოდ ხშირია და ამის საწინააღმდეგოდ ბევრი არაფერი კეთდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, ბრაზილიელმა შემტევმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ვინისიუსმა?
„როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ და ავნებ, ამის გამო პასუხი უნდა აგო. ძნელი სათქმელია, რომ ფეხბურთში რასიზმი ოდესმე დასრულდება, რადგან ადამიანები ამას დღემდე ხშირად აკეთებენ. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ უფრო მეტი კარგი ადამიანი არსებობს, ვიდრე ცუდი.
ყველა რასისტმა ადამიანმა რაიმე ფორმით პასუხი უნდა აგოს. მათ მოსწონთ ფეხბურთის ყურება, ამიტომ ვფიქრობ, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ რასისტ გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლის უფლება სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ.“
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს უეფა-მ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური გუნდი დაარსა. ეს ყველაფერი კი კევინ პრინც ბოატენგის პროტესტმა გამოიწვია. იმ დროს, „მილანის“ ნახევარმცველმა რასისტული შეურაცხყოფის გამო მოედანი დატოვა და თამაშიც კი შეწყდა.
განელი ფეხბურთელი უეფა-მ ახალ ორგანიზაციაში დაასაქმა და რამდენიმე პრესკონფერენციაც მოეწყო, თუმცა რამდენიმე თვეში გაუფრთხილებლად დაიხურა. ამ ფაქტმა კი ბოატენგი ძალიან გაანაწყენა და ჩათვალა, რომ რასიზმის წინააღმდეგ არაფერი კეთდება.