ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დრიბლინგის ჯადოქარი კვარა და ბრწყინვალე გუნდი“ - Washington Post-ის სტატია ნაპოლიზე

ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი“ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. „პარტენოპეიმ“ ზედიზედ მე-11 თამაში მოიგო და „რომა“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ნეაპოლურ გრანდზე ბევრი ევროპული გამოცემა წერს, რამდენიმე წუთის წინ კი მას სტატია ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ამერიკულმა გაზეთმა, Washington Post-მა მიუძღვნა.

„ახლა თითქმის კომიკურია ივლისის შუა რიცხვებში განვითარებული მოვლენების გახსენება, როცა ნაპოლის თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმ პროტესტის გამომხატველ გულშემატკივრებს მოუწოდა, „მოეკეტათ“. სამხრეთ იტალიური კლუბის ქომაგები გუნდის ლიდერთა წასვლის გამო უკმაყოფილონი იყვნენ. მაისში, ლუჩანო სპალეტის ფიატ პანდა მოჰპარეს და ულტრასებმა გამოფინეს ბანერი, რომელზეც ეწერა, რომ მას იმ შემთხვევაში დააბრუნებდნენ, თუ იტალიელი ნაპოლის დატოვებდა.

ახლა ისეთი ვითარებაა, რომ ეს პროტესტი ანტიკური ისტორიის ნაწილია და კლუბმა რომასთან მოგებული მატჩით ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა, რითიც მარადონას გუნდის მიერ, 1986 წელს დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

პარტენოპეი სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს, მოქმედ ჩემპიონ მილანს 3 ქულით უსწრებს, ჩემპიონთა ლიგაზე ყველა შეხვედრა მოიგო, გასული გათამაშების ფინალისტ ლივერპულს 4:1 გადაუარა და აიაქსს ორ მატჩში 10 გოლი გაუტანა. როგორ ფიქრობთ, დროა აღნიშვნა დავიწყოთ? სპალეტი ამბობს, რომ ასე არაა და ტიტულებს 11 მატჩის შემდეგ არ იგებენ.

ნაპოლის უეცარი ტრანსფორმაცია ჩემპიონობის მუდმივი კანდიდატობიდან, დაუმარცხებელ გიგანტობამდე ჭკვიანური სატრანსფერო სვლების, ლეგენდების გარეშე დარჩენილი კლუბის გაძღოლის უნარისა და თანამედროვე შემტევი ფეხბურთის დამსახურებაა, რაც დაცვაზე ორიენტირებულ იტალიაში კვლავინდებურად იშვიათობას წარმოადგენს.

ნაპოლის ქომაგები გაკვირვებული დარჩნენ, როცა კლუბმა მანამდე უცნობი 21 წლის ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია ლორენცო ინსინიეს შემცვლელად გაიფორმა, ხოლო კულიბალი კიმ მინ ჯეთი ჩაანაცვლა. თუმცა, კვარაცხელია და კიმი გუნდის ტოპ ფეხბურთელებად იქცნენ. დრიბლინგის ჯადოქარი კვარა აგვისტოში სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე გახდა და 15 შეხვედრაში 7 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა აქვს. კიმმა იგივე ჯილდო ოქტომბერში მოიგო და რომასთან მატჩში, ტამი აბრაჰამი პრაქტიკულად მარტომ გაანეიტრალა.

მათ გარდა ჯაკომო რასპადორისა და ჯოვანი სიმეონეს მოსვლა უნდა აღვნიშნოთ. ამ უკანასკნელმა 4 გოლი გაიტანა, რასპადორიმ - 5, რის წყალობითაც დრის მერტენსის წასვლა გუნდს საერთოდ არ დასტყობია. რასპადორიმ და სიმეონემ ოსიმენი, რომელსაც ტრავმის გამო თითქმის 2 თვე გაუცდა, ღირსეულად შეცვალეს, დაბრუნების შემდეგ კი ნიგერიელმა ზედიზედ 3 შეხვედრაში გაიტანა და რომასთან ბრწყინვალე გოლი შეაგდო.

იყო დრო, როცა ნაპოლი კრიშტიანუ რონალდუს დაუკავშირეს და სპალეტიმ ამ თემაზეც ისაუბრა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ახლა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ნაპოლი მის გარეშეც კარგად გამოიყურება და ლუჩანო გუნდს მთლიანად აკონტროლებს. მერტენსის, ინსინიესა და კულიბალის მსგავსი ვეტერანების წასვლამ ტოსკანელ სპეციალისტს საშუალება მისცა, თავი აერიდებინა ისეთი სიტუაციებისთვის, როგორებსაც 2016-17 წლების სეზონში, რომაში ყოფნისას, ფრანჩესკო ტოტისტან მიმართებით შეეჩეხა.

სპალეტის ინოვაციურმა სტილმა პერსპექტივა პირველად უდინეზეში, დაახლოებით ორი ათწლეულის წინ გვაჩვენა, როცა პროვინციული კლუბი მეოთხე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საგზური დაისაკუთრა. 2007 და 2008 წლებში, ლუჩანომ იტალიის თასი მოიგო, ხოლო მოგვიანებით, ზენიტთან ერთად, ტიტულები რუსეთში აღმართა. სპალეტის სკუდეტო აკლია და მისი გუნდი მიზნისგან შორს არაა. ნაპოლის ჩემპიონობა მარადონას შემდეგ არ მოუგია და ისტორიაში სკუდეტო სულ რაღაც 2-ჯერ დაისაკუთრა. ლეგენდარული არგენტინელის გარდაცვალების შემდეგ, პარტენოპეის სტადიონს მისი სახელი მიანიჭეს და ოთხშაბათს, ზედიზედ მე-12 გამარჯვების მოპოვებას ნაპოლი სწორედ იქ, რეინჯერსის წინააღმდეგ შეეცდება“, - წერს Washington Post-ი.

შეგახსენებთ, რომ „პარტენოპეის“ 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. ნეაპოლელთა მომდევნო გაჩერება ჩემპიონთა ლიგაა, სადაც „რეინჯერსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიო მატჩის შემდეგ: ვულოცავ ნაპოლის დაუმსახურებელ გამარჯვებას
მოურინიო მატჩის შემდეგ: ვულოცავ ნაპოლის დაუმსახურებელ გამარჯვებას